“რა თქმა უნდა, მათ ერთი სული აქვთ, როცა თქვენ [სალომე ზურაბიშვილი] აღარ იქნებით პრეზიდენტი. მათ უკვე მომზადებული ჰყავთ წულუკიანი პრეზიდენტობაზე. მათ სჭირდებათ წულუკიანი იმისათვის, რომ არასდროს არავინ დაპატიმრებული არ გამოუშვას, ჩემი ჩათვლით, რა თქმა უნდა. თქვენც გემუქრებიან პატიმრობით. როდესაც გაუჭირდებათ, არჩევნებამდე უკვე ამზადებენ კალაძეს პრემიერად, იმიტომ რომ სჭირდებათ შიგნით გადაჯგუფება, რომ პრაქტიკულად არავითარი პრობლემა არ შეექმნას ოლიგარქის ხელისუფლებას.[…]
მინდა ვუპასუხო ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს. მინდა მივულოცო, რომ ძალიან სწორი აქცენტები გააკეთა გაზეთ Le Monde-სთვის მიცემულ ინტერვიუში. აბსოლუტურად სწორი აქცენტები თქვა რუსულ ოლიგარქიაზე. […] ამავე დროს, Le Monde თავის სარედაქციო სტატიაში მოუწოდებდა სალომე ზურაბიშვილს, გამოეყენებინა შეწყალების უფლება. სხვათა შორის, ამისკენ მოუწოდებდა მას პრაქტიკულად ყველა სახელმწიფო მეთაური, რომელსაც ის შეხვდა ბოლო თვეების განმავლობაში.
მინდა გითხრათ, რომ მე არ მინდა, განსხვავებით მაკრონისგან, ზელენსკისგან ან სხვა ლიდერებისგან, ვინც ქალბატონ სალომეს ამას მოუწოდებს, რომ ქალბატონ სალომეს რაღაც მოვთხოვო. ის ამბობს, რომ მე ვარ უკეთესად ფიზიკურად. მე ვარ უკეთესად სულიერად, ვარ ძალიან მხნედ, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ვირწმუნე, რომ ჩვენ ხალხშია ძალა და ეს ძალა მაძლევს მე ძალას და მინდა, რომ ამ ძალების გაერთიანებით მოხდეს ჩვენი გამარჯვება. რა თქმა უნდა, სულიერად ვარ უფრო მხნედ, ფიზიკურად, სამწუხაროდ ექიმები ვერ ადასტურებენ, რომ ვარ უკეთესად. […]
ქალბატონი სალომე იძახის, რომ მე აღარ მაქვს სურვილი უცხოეთში გამგზავრების, საქმე იმაშია, რომ ეს არ არის ჩემ სურვილზე დამოკიდებული, სამწუხაროდ, ჩემი რეაბილიტაციას სჭირდება საქართველოს ფარგლებს გარეთ გარკვეული პერიოდი ყოფნა, ეს ასეა და რა თქმა უნდა, ქალბატონ სალომეს შეუძლია, ერთი ხელის მოწერით დაუბრუნოს ჩემს შვილებს მამა და რაც მთავარია, აღადგინოს პოლიტიკური ბალანსი საქართველოში“,
განაცხადა ამის შესახებ, პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე სადაც ე.წ. პიჯაკების საქმეზე სხდომა მიმდინარეობს და ის დისტანციურად ჩაერთო.