“ოცნებას” 39% დაუდგინეს, სავარაუდოდ, წინა ციფრი შეეშალათ – 3-ის ნაცვლად 5 უნდა ყოფილიყო – კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ფიქრობს, Edison Research–ს კვლევაში “ქართული ოცნების” რეიტინგი შეეშალა და ის არა 39%, არამედ 59% უნდა ყოფილიყო.

“იცით კვლევებისადმი ჩემი დამოკიდებულება. ამ კონკრეტულ კვლევებში, სადაც “ქართულ ოცნებას” 39% დაუდგინეს, სავარაუდოდ, წინა ციფრი შეეშალათ, 3-იანის მაგივრად 5-იანი უნდა ყოფილიყო. დღეს პარტია “ქართული ოცნება” არის ერთადერთი ძალა ქვეყანაში, ვისაც რეალურად აქვს იმის შანსი, რომ შეიძლება საკონსტიტუციო არა, მაგარამ ძალიან დიდი უმრავლესობით მოვიდეს პარლამენტში ყოველგვარი კოალიციების გარეშე”,– ამბობს კალაძე.

მისივე თქმით, კვლევითი ორგანიზაციები 2011 წლიდან მოყოლებული საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირებდნენ

“2011 წლიდან მოყოლებული შეგიძლიათ ამოიღოთ კვლევების სტატისტიკა და ნახოთ, თუ როგორ მანიპულირებდნენ კონკრეტული კვლევითი ორგანიზაციები საზოგადოებრივ აზრზე, რა შედეგებს დებდნენ, ვის სასარგებლოდ დებდნენ და რა შედეგი იდებოდა არჩევნებში. ქვეყანაში ერთადერთი ძალა, რომელსაც აქვს ხალხის, საზოგადოების ძალიან დიდი მხარდაჭერა, არის პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”,– თქვა კალაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ , გამომდინარე იქიდან, რომ “ქართულ ოცნებას” ამომრჩევლის დიდი მხრდაჭერა აქვს, დღევანდელი მონაცემებით, კოალიციას არავისთან შექმნის.

ცნობისთვის, ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით, Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, პოლიტიკური რეიტინგები ასეთია: “ქართული ოცნება” — 39%; მოსახლეობის 20% ამბობს, რომ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” — 16%; “ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატები” — 5%.