“ოცნება” ვადამდელს უფრო დანიშნავს, ვიდრე მას ხელს მოაწერს-შოთა დიღმელაშვილი შარლ მიშელის დოკუმენტზე

სამოქალაქო აქტივისტი, მოძრაობა “სირცხვილიას“ წევრი, შოთა დიღმელაშვილი თვლის, რომ შარლ მიშელის მიერ მხარეებისთვის წარმოდგენილ დოკუმენტს ოპოზიციამ ხელი უნდა მოაწეროს:

“დოკუმენტში ძალაუფლების დანაწილების ისეთი მექანიზმებია ჩადებული, რომ “ოცნება” ვადამდელს უფრო დანიშნავს, ვიდრე მას ხელს მოაწერს. ეს დოკუმენტი, ორმხრივი ხელმოწერის შემთხვევაში არის ვადამდელამდე მისასვლელი რეალისტური გზა, ოცნების მხრიდან არმოწერის შემთხვევაში კი შესაძლებლობა, საერთაშორისო წნეხი გაზარდოს ხელისუფლებაზე.
ამავდროულად მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმებაში არ არის განსაზღვრული ამნისტიის მუხლები, რაც პარლამენტის პრეროგატივაა. ამ პროცესში 9 აპრილის შეცდომა არ უნდა განმეორდეს. მაშინ არავინ დაისაჯა სისხლის სამართლით და ამის შედეგებს ვიმკით დღემდე. 20 ივნისის ბრძანების გამცემებიდან აღმასრულებლებამდე ყველა უნდა დაისაჯოს. ამის მექანიზმი არის ამნისტია გარდა იმ საქმეებისა, რომელიც ჩადენილია სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ან მოხელის მიერ.

რაც შეეხება დიდ სურათს, ვფიქრობ, რომ საბოლოოდ, ისტორიის წინაშე დამნაშავე იქნება, ვინც ამერიკისა და ევროკავშირის შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს. ახლა ფსონი გაცილებით დიდია, ვიდრე ძალაუფლება. არმოწერით დაიწყება დეზინტეგრაციის შეუქცევადი პროცესი, ევროკავშირისგან ამოქმედდება less for less პროტოკოლი და ისტორია აღარ დაიწყებს გარჩევას რა პოლიტიკურმა ინსინუაციებმა გამოიწვია ეს.

ახლა ისეთი შესაძლებლობის ფანჯარაა ბაიდენის ადმინისტრაციასთან ერთად, საუკუნეში ერთხელ რომ გვეძლევა ხოლმე. მიმდინარეობს დიდი გეოპოლიტიკური რეშაფლინგი. დღეს დასავლეთის მიერ ზურგის შექცევა ათწლეულებით განსაზღვრავს მომავალს, ისევე როგორ 1921 წელს მოხდა. ვაკუუმს კი ისევ რუსეთი ამოავსებს. საუკუნეა ბრძოლა გვიწევს 100 წლის წინ კონსტიტუციით განსაზღვრული ღირებულებებისთვის – თავისუფალი, პროპორციული არჩევნებისთვის, დამოუკიდებელი სასამართლოსთვის, ადგილობრივი თვითმმართველობისთვის. კიდევ საუკუნე არ უნდა მოგვიწიოს.

დაბოლოს, ეს არის შესაძლებლობა ოპოზიციისთვის, რომ დაამტკიცოს, მისთვის დაბალანსებული სისტება და ძალაუფლების დანაწევრება არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ძალაუფლება. ამის დანახვა სჭირდება როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო საზოგადოებას.“– წერს დიღმელაშვილი ფეისბუქზე.