ოცნება კანონიდან აზრისა და მოწოდების თავისუფლებაზე მუხლს იღებს

“ქართული ოცნება” სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონიდან აზრისა და მოწოდების თავისუფლების შესახებ მუხლის ამოღებას აპირებს.

ოცნების დეპუტატმა, ვიქტორ ჯაფარიძემ ცვილების ინიციატორს, დავით მათიკაშვილს ჰკითხა:

როგორც წესი, ცილისწამებასთან დაკავშირებით გამოიყენებენ გამოთქმას: „სავარაუდოდ“, „მე მაქვს გონივრული ეჭვი“ და ა.შ. პირობითად ვამბობ, [იტყვიან] სავარაუდოდ, ბატონმა დავითმა ჩაიდინა ესა და ეს და იმას, მერე აღარავინ მიაქცევს ყურადღებას. მეოთხე მუხლით, აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით. მოწოდება დაცულია კვალიფიციური პრივილეგიით. მოწოდება იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას მხოლოდ მაშინ, როცა პირი ჩაიდენს განზრახ ქმედებას, რომელიც ქმნის კანონსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს. ახლა რანაირად გამოვა ეგ? იმიტომ, რომ ამას [მეოთხე მუხლს] აუცილებლად გამოიყენებენ.”

ამ კითხვაზე პასუხად მათიკაშვილმა განაცხადა, რომ, ცვლილებების ფარგლებში, მუხლი აზრისა და მოწოდების თავისუფლების შესახებ ამოღებულია კანონიდან.

“გავითვალისწინებთ ახლა, რომ ეგ დათქმა აღარ არსებობდეს”, – განაცხადა მან.

აღნიშნულ მუხლში ნათქვამია: “აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით, მოწოდება დაცულია კვალიფიციური პრივილეგიით. მოწოდება იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას მხოლოდ მაშინ, როდესაც პირი ჩაიდენს განზრახ ქმედებას, რაც ქმნის კანონსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის აშკარა, პირდაპირ ან არსებით საფრთხეს.”

სამოქალაქო საზოგადოების ფონდის იურისტი საბა ბრაჭველი აღნიშნული ცვლილების შესახებ წერს, რომ “უკვე ოფიციალურად, თქვენი აზრი აღარ იქნება დაცული.

  • “აქამდე, როცა ვამბობდით, რომ რეჟიმს მოქალაქეთა აზრის კონტროლი სურს, ეს შეიძლება გადაჭარბებად მიგეჩნიათ.ხვალ ოფიციალურად ამოიღებენ ჩანაწერს კანონიდან, რომელიც აზრის თავისუფლებას აბსოლუტური პრივილეგიით იცავს.დღეს, აზრის გაჟღერება პასუხისმგებლობას მხოლოდ მაშინ იწვევს, როცა პირი ჩაიდენს განზრახ ქმედებას, რომელიც კანონსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს ქმნის.ხვალიდან, უკვე ოფიციალურად, თქვენი აზრი აღარ იქნება დაცული. აზრის ხმამაღლა გაჟღერების გამო პასუხისმგებლობა კი დაგეკისრებათ ნებისმიერ დროს და ნებისმიერი კანონით (მათ შორის, ცილისწამების უახლესი ცვლილებებით), რომელიც ივანიშვილს ან მის დამქაშებს მოეპრიანებათ”. – წერს ბრაჭველი.