“ჩვენ კონკრეტული დოკუმენტი კონკრეტული ოკუპანტის ხელში დავინახეთ. ოკუპანტის ხელში, რომელმაც ანწუხელიძე აწამა და რომელსაც დღეს ქართველები უკრაინის ტერიტორიაზე ებრძვიან. ოკუპანტის ხელში, რომელმაც ჩვენი ტერიტორიები მიიტაცა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს იტაცებს, რომელმაც დევნილები გამოყარა და ქალები და ბავშვები აწამა.
ამ ოკუპანტებს დღეს ჩვენს დასაცავად უკრაინა ებრძვის, ებრძვიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც ჩვენ პატივს უნდა ვცემდეთ და აი, ამ სამხედროებს „ქართული ოცნება“ კონკრეტული საფრთხის ქვეშ აგდებს. ეს არის ღალატი. ჩვენი სახელმწიფო ჩვენს მტრებს ინფორმაციას ჩვენი გმირების შესახებ გადასცემს.
მე არანაირი მოთხოვნა არ მაქვს თავდაცვის მიმართ, იმიტომ რომ არანაირი ილუზია არ მაქვს, რომ უწყება, რომელიც ინფორმაციას გასცემს, რაიმე კეთილსინდისიერ განმარტებას გააკეთებს. არანაირი ილუზია არ მაქვს გამოძიების შესახებ, იმიტომ რომ ეს გამოძიება მიტაცებულია, მაგრამ არანაირი ილუზია ასევე, არ მაქვს, რომ ჩვენ, ქართული საზოგადოება ამ ღალატის ფაქტს „ქართულ ოცნებას“ ვაპატიებთ”.
აცხადებს, “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, რითიც ეხმაურება რუსული პროპაგანდისტული მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც ჩანს, რომ რუსებს ხელთ აქვთ ქართველი ჯარისკაცის, მიხეილ ქამხაძის პირადი საქმე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არქივიდან.