ქართული ოცნება რუსულ კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა დააინიცირებს. ეს უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე თქვა.
“საპარლამენტო უმრავლესობამ პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შედეგად მიიღო გადაწყვეტილება, ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ.
კანონპროექტი დაინიცირდება ზუსტად იგივე ტექსტით, როგორც შარშან იყო დაინიცირებული. ერთადერთი განსხვავებით – ჩვენ მიერ დაინიცირებულ კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა “უცხოური გავლენის აგენტი” გამოყენებული იქნება ტერმინი “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია.
შეგახსენებთ, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ მოთხოვნას – უცხოურო დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ საკუთარი ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, რომლის დარღვევისას მხოლოდ ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული. ეს არის საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი, რომელსაც კეთილსინდისიერებაზე თუნდაც ფორმალური პრეტენზიის მქონე ნებისმიერი ორგანიზაცია უნდა აკმაყოფილებდეს.
კანონი მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება სამივე მოსმენით მიღებული “- თქვა მდინარაძემ.