ფრაქცია “ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი სალომე სამადაშვილი ეხმიანება ბელარუსის ჟურნალისტის დაკავებაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებს.
მისი შეფასებით, ასეთი განცხადება “სირცხვილია” და არ ასახავს შექმნილი ვითარების სიმწვავეს.
“ჩემი აზრით, სირცხვილია, რომ ჩვენს რეგიონში ქვეყანას, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ დემოკრატიის მაგალითი უნდა შექმნას სხვა სახელმწიფოებისთვის, მსგავს განცხადებას აკეთებდეს მისი საგარეო უწყება. მე დღეს მივმართავ პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტს, რომ როგორც მინუმუმ, კომიტეტის სახელით გაკეთდეს შესაბამისი ადეკვატური განცხადება მომხდართან დაკავშირებით”,– განაცხადა სამადაშვილმა და აღნიშნა, რომ პარლამენტმა შესაბამისი რეზოლუციის მიღებაც უნდა განიხილოს.
მისივე თქმით, ფაქტობრივად, “საერთაშორისო ტერორიზმის” ფაქტი მოხდა, ქართული ოცნება კი ლუკაშენკოს რეჟიმთან უფრო ახლოს გრძნობს თავს, ვიდრე დემოკრატიულ ქვეყნებთან.
“მე ვფიქრობ, რომ სრულიად ბუნებრივია “ქართული ოცნების” საგარეო უწყება მსგავსი არაფრისმთქმელი განცხადებით ეხმაურება ბელარუსში განვითარებულ მოვლენებს. იმიტომ, რომ საკუთარი პოლიტიკური შინაარსით “ქართული ოცნება” ბევრად უფრო ახლოს გრძნობს თავს ლუკაშენკოს რეჟიმთან, ვიდრე დემოკრატიულ სახელმწიფოებთან, რომელიც უკიდურესად აღშფოთებულები არიან მომხდარით. ეს შეიძლება შევადაროთ საქართველოს ტერიტორიიდან აფგან მუხთარლის გატაცებას საქართველოს ტერიტორიიდან”, – განაცხადა სამადაშვილმა.