“ჩემი ზედაპირული დაკვირვებით, დღეს ქოცპროპაგანდა ახალი მესიჯის დამკვიდრების გარშემო გააქტიურდა.
ომის პირველ დღეებში ხელისუფლებამ ფსონი რუსეთის გამარჯვებაზე დადო: უკრაინამ „ომი თავიდან ვერ აიცილა“ (ანუ ის მისი ბრალი იყო, როგორც 2008-ის ომი იყო მიშას ბრალი), ხოლო დასავლეთი არაფრის გამკეთებელი არაა („სანქციებს აზრი არა აქვს“). მისი რიტორიკა შინაარსობრივად (თუ არა სიტყვა-სიტყვით) რუსულს თანხვდებოდა. (მოსკოვიდან დაურეკეს თუ თვითონ მოიფიქრეს, რომ ასეა საჭირო, არ ვიცი და მნიშვნელობა არა აქვს).}ამის შემდეგ ვნახეთ დიდი და უწყვეტი აქციები; მეორეს მხრივ, ომი ისე არ წავიდა, როგორც პუტინი და ბიძინა ელოდნენ. გადაწყდა, შევიტანოთ განაცხადი ევროკავშირში, რომ ოცნებამ პრორუსული ხელისუფლების იმიჯი ჩამოირეცხოს, სხვაგანაც (გაერო, ჰააგის სასამართლო) ანტირუსული პოზიცია დაიჭირა. ისევ: არ ვიცი, ევროკავშირის ელჩმა უჩურჩულა ამაზე თუ არა; არა მგონია ეს გადამწყვეტი იყოს. მოლდოვას თუ შეიტანს და შენ არა, ამის ახსნა ძალიან ძნელი გახდება.
ამ ფონზე შესწორებული გზავნილი წამოვიდა: ეს არის ბრძენი მთავრობა, რომელიც, არსებითად, დასავლეთთან შეთანხმებით მოქმედებს. დასავლეთს არ უნდა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გარდა კიდევ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტიც იყოს, და ჩვენი მთავრობაც შესაბამისად იქცევა.
(ამავე დროს, თუმცა უკრაინელ ხალხს მხარს ვუჭერთ, ზელენსკი რაღაცნაირად ნაცია. მაგრამ ეს სხვა, თანმდევი თემაა).
რაც შეეხება საპროტესტო აქციებს, ორი ძირითადი გზავნილია:
(1) ბოლო დღეების აქციები არის ნაცების აქციები;
(2) მათ უნდათ, საქართველო ომში ჩაითრიონ.
თითოეული ეს ნათქვამი ცალ-ცალკე ძალიან პრიმიტიული ტყუილია; მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ასეთი პიარი არ იმუშავებს. მთავარია, ის ჯდება ძირითად ნარატივში: „ნაცებს“ უნდათ ომი, ჩვენ უზრუნველვყოფთ მშვიდობას.
სწორედ ეს ხედვა უნარჩუნებს ქოცნებას შედარებით სერიოზულ მხარდაჭერას. თუ გინდა, მოუგო, ამ ნარატივის დანგრევაზე უნდა იმუშავო”
წერს პოლიტოლოგი გია ნოდია Facebook-ზე.