ოცნების დეპუტატის ძმის კომპანიებმა ბათუმის განათებისთვის 38 მილიონი ლარის ტენდერები უკონკურენტოდ მოიგეს

“ფლანგვის დეტექტორის“ ინფორმაციით ბათუმის მერიამ საახალწლო განათებაში 500 393 ლარი გადაიხადა იმ დროს, როცა ქალაში გადაადგილება 21:00 საათიდან აკრძალულია. ბათუმის მერიის ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს მიერ 2020 წლის 5 ნოემბერს გამოცხადებულ ტენდერში შპს “აჭარგანათებამ” (ს/კ: 245546486) კონკურენტის გარეშე გაიმარჯვა.ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “აჭარგანათება”, ბოლო 10 წლის განმავლობაში, საახალწლო განათებებს უკონკურენტოდ იგებს.
შეიძლება ითქვას, რომ 2011 წლიდან მოყოლებული საახალწლო დეკორაციების მოწყობაზე “აჭარგანათებას” მონოპოლია აქვს აღებული. ეს რიგით მეათე, უკონკურენტოდ მოგებული ტენდერია.
შპს “აჭარგანათების” დირექტორი ნიკოლოზ თოფურიძე, ბათუმის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” წევრის, ირაკლი თოფურიძის ძმაა; შპს-მ სახელმწიფოსგან 114 ელექტრონული და პირდაპირი წესით გაფორმებულ ხელშეკრულებებში ჯამში 35, 509, 042 ლარი მიიღო.
ნიკოლოზ თოფურიძე 100%-იან წილს ფლობს შპს “განათებაშიც”. კომპანიას ეკუთვნის ბათუმის ბულვარში “იაპონური ბაღების” განათების მოწყობაც, რომელშიც კომპანიამ იმაზე მეტი აიღო (152,950 ლარი, NAT200013439), ვიდრე თავის დროზე თვით ამ ბაღების გაშენება დაჯდა (125,340 ლარი, NAT170010076). შპს-ს ჯამში 90 ხელშეკრულება აქვს სახელმწიფოსთან დადებული, რომელთა ჯამური ღირებულება 3,355,251 ლარია.
შპს “აჭარგანათებისა” და შპს “განათების” მოგებულმა ტენდერებმა ჯამში 38,864,293 ლარი შეადგინა.