ოცნების დეპუტატმა ომბუდსმენს ჰკითხა, რა გააკეთა გახელაძის გასათავისუფლებლად

ქართული ოცნების დეპუტატი, რიმა ბერაძე სახალხო დამცველს ეკითხება, რას აკეთებდა ის ზაზა გახელაძის გათავისუფლებისთვის.

“მე მაქვს კითხვა თქვენთან – როგორ ფიქრობთ, რა არის ის ღონისძიება, რომელიც შესაძლებელია უშუალოდ თქვენ განახორციელოთ და რას აკეთებდით ამ პერიოდის განმავლობაში, რათა დასრულდეს ეს უკანონო პატიმრობა და ზაზა გახელაძე დაუბრუნდეს თავის ოჯახს” – ჰკითხა ბერაძემ ომბუდსმენს.

ცნობისთვის, ოჯახი ზაზა გახელაძის გათავისუფლებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციების გამართვასა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას გეგმავენ. ზაზა გახელაძის მამა მიხეილ გახელაძე დღეს აპირებდა ოკუპირებულ ცხინვალში გადასვლას, თუმცა, მისივე თქმით, პატრიარქისა და ოჯახის თხოვნით გადაიფიქრა, ხელისუფლებას კი ერთთვიანი ვადა მისცა.

ილია მეორე რუსეთის პატრიარქს გახელაძის გათავისუფლებაში დახმარების თხოვნით წერილი გაუგზავნა.