“ოცნების” ვერსია უფრო ახლოა შეთანხმებასთან – მეგრელიშვილი ამნისტიაზე 

“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი ვახო მეგრელიშვილი ამბობს, რომ ქართული ოცნების ამნისტიის კანონპროექი უფრო ახლოა შარლ მიშელის შეთანხმებასთან, ვიდრე ოპოზიციის.

“გუშინ ამნისტიის შესახებ ქართული ოცნების კანონს დავუჭირე მხარი. ორი პროექტია და რაღაცნაირად მგონია, რომ ქართული ოცნების და ოპოზიციის პროექტებს შორის ყველაზე კარგი იქნებოდა, რომ ერთი პროექტი ყოფილიყო და მანამდე ყოფილიყვნენ შეთანხმებულები, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიცია და პოზიცია ვერ თანხმდება… საჯაროდ შემიძლია დავადასტურო, რომ ქართული ოცნების ვერსია უფრო ახლოა შეთანხმების ვერსიასთან.

პატიება-არპატიების თემა იყო განსხვავება ამ ორ ვერსიას შორის, სადაც დაზარალებულებს უნდა ეპატიებინათ. ხომ წარმოგვიდგენიამ რამდენი ასეული, შეიძლება ათასი ადამიანი გრძნობდეს თავს დაზარალებულად ფიზიკურად, უბრალოდ ვერ წარმოვიდგინე, როგორ შეიძლება თანხმობის მიღება ამ ადამიანებისგან”,– თქვა მეგრელიშვილმა თავისივე გადაცემაში.

გუშინ პარლამენტმა 20 ივნისის ამნისტიის შესახებ ქართული ოცნების კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.

ოპოზიციით ვერსიით, საჭიროა დაზარალებულთა თანხმობა, რათა ამნისტია იმ პოლიციელებზე გავრცელდეს, რომელთა მიმართ სისხლის სამართლის დევნა მიმდინარეობს. ქართული ოცნების ვერსიაში ასეთი თანხმობა არ არის.

გარდა ამისა, ოპოზიციის კანონპროექტით, ამნისტირებული პირის თანხმობა, რომ მასზე ამნისტია გავრცელდეს, საჭირო არ არის. ქართული ოცნების პროექტის მიხედვით, პირმა წერილობით უნდა დაადასტუროს, რომ ამნისტიაზე უარს არ ამბობს.