“ქართული ოცნების” ერთპარტიულმა პარლამენტმა რეჟიმის თანხმობის გარეშე გრანტების აკრძალვის შესახებ კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა. მას 82-მა არალეგიტიმურმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
ცვლილებების თანახმად, უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის თანხმობა დასჭირდება – თანხმობის გარეშე გაცემული გრანტის მიღება აკრძალული იქნება და პასუხისმგებლობის დაკისრებას გამოიწვევს.
კანონპროექტის მიხედვით, აკრძალული გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგს ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს.
კანონპროექტი გამონაკლისებსაც ადგენს – კერძოდ, მთავრობის სავალდებულო თანხმობის წესი არ ვრცელდება საერთაშორისო სპორტული ასოციაციის, ფედერაციის და კომიტეტის მიერ გრანტის გაცემაზე, საქართველოს საზღვრებს გარეთ საშუალო და უმაღლესი განათლების მიღებისთვის და სამეცნიერო მუშაობისთვის გაცემულ ინდივიდუალურ სტიპენდიაზე, ასევე საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გრანტის მიღებაზე. კანონში ცვლილებებს “ოცნება” დაჩქარებული წესით განიხილავს.