ოცნების კომისიის წევრები ამომრჩეველს აძლევენ ბიულეტენს, რომელზეც 2 ნომერი მოხეულია- კაპანაძე

ვროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის თქმით, საარჩევნო უბნებზე გამოვლინდა რამდენიმე შემთხვევა, როცა ქართული ოცნების კომისიის წევრები ან დამკვირვებლები საარჩევნო ურნებთან ისე დგანან, რომ დაინახონ რა ნომერია შემოხაზული ბიულეტენზე.

“დილიდან უკვე ჩანს საკმაოდ სერიოზული დარღვევები და მინდა რამდენიმე ასეთ დარღვევას გამოვეხმაურო. ორი მასშტაბური პრობლემა გამოიკვეთა, პირველი ეს არის საარჩევნო ხმის ფარულობის დარღვევა. ჩვენ გვაქვს რამდენიმე შემთხვევა, როცა კონკრეტული წარმომადგენლები ან ქართული ოცნების კომისიის წევრები ან დამკვირვებლები დგანან ისე უბნებზე ურნებთან, რომ დაინახონ როგორ არის შემოხაზული ესა თუ ის ბიულეტენი და ჩვენი წარმომადგენლები უკლებლივ ყველა ასეთ შემთხვევაზე წერენ საჩივარს. ჩვენ მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას, რომ ესეთი პრაქტიკა აღკვეთოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სერიოზული პრობლემა ექნება ამ არჩევნების ლეგიტიმურობას”. – ამბობს კაპანაძე.

მისივე თქმით, ვაკის 54-ე უბანთან და გურჯაანის 31-ე უბანთან ქართული ოცნების კომისიის წევრები ამომრჩეველს ისეთ ბიულეტენს აძლევენ, სადაც 2 ნომერი მოხეულია.

“ვაკის 54-ე უბანი და გურჯაანის 31-ე უბანთან ვხედავთ ესეთ პრაქტიკას, ქართული ოცნების კომისიის წევრები, როცა ბიულეტენს აძლევენ ამომრჩეველს, ისე ახევენ, რომ მასზე 2 ნომერი არის მოჭრილი ანუ პრაქტიკულად, ამომრჩეველს აძლევენ ბიულეტენს 2 ნომრის გარეშე. ამომრჩეველს უკარგავენ საშუალებას, რომ 2 ნომერი შემოხაზონ”,- თქვა კაპანაძემ.