“ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატები მეტყველებს იმაზე, რომ ეს პოლიტიკური ძალა გაკოტრებულია – სამადაშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, სალომე სამადაშვილის, შეფასებით, “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატების ვინაობა იმაზე მეტყველებს, რომ ეს პოლიტიკური ძალა გაკოტრებულია.

“მაჟორიტარობის კანდიდატებით კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ “ქართული ოცნება”, როგორც პოლიტიკური ძალა, სრულიად გაკოტრებულია. ისინი ძალიან ბევრს საუბრობდნენ იმაზე, რომ ახალი კადრების მოზიდვის რესურსი აქვთ და საზოგადოებისთვის ახალი სახეების წარდგენას აპირებდნენ. დღეს კი ვნახეთ, რომ არათუ არანაირი სიახლე არ არის წარდგენილ მაჟორიტარობის კანდიდატებში, არამედ ესაა ხალხი, ვინც სხვადასხვა დროს სხვადასხვა ხელისუფლებას ემსახურებოდა. მათი ერთადერთი ღირსება და გამაერთიანებელი თვისება არის ის, რომ უსიტყვოდ დაემორჩილებიან ბიძინა ივანიშვილის ყველა მითითებას. მაჟორიტარების ეს სია კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციის ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება გარდაუვალია,”- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს პარტიამ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” ქვეყნის მასშტაბით, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.