პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის თქმით, მას ბევჯერ სმენია ბრალდება “ქართულ ოცნებაზე”, რომ პრორუსულია. ასე ეხმაურება კილაძე სააგენტო “დოსიეს” მიერ გავრცელებულ დოკუმენტირებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც კრემლი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პატრიოტთა ალიანსს პირდაპირ ეხმარება.
მისი თქმით, დაიწყება თუ არა გამოძიება ამ საკითხზე, პროკურატურამ უნდა გადაწყვიტოს, ქართული ოცნებისთვის კი მიუღებელია პარტია, რომელიც ოკუპანტ ქვეყანასთან თანამშრომლობს.
“ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი ძალა, რომელიც ოკუპანტთან არის რაიმე ფორმით ალიანსში, ან ოკუპანტისგან ფინანსდება. ეს კანონის დარღვევაა პირველ რიგში, მაგრამ მორალურადაც დაუშვებელი და წარმოუდგენელია, ოკუპანტი ქვეყნისგან ვინმე იღებდეს რაიმე დაფინანსებას, მითუმეტეს პოლიტიკურ პროცესებში პოლიტიკური პარტია და შემდეგ ვინმეს ჰქონდეს პრეტენზია იმის, რომ ეს არის ქვეყნის სიყვარულით გაჟღენთილი პარტია. გამოძიება უნდა დაიწყოს თუ არა, ამას გადაწყვეტს პროკურატურა, ეს პროკურატურის დისკრეციაა.
მე ძალიან ხშირად მომისმენია ქართული ოცნების მიმართაც ეს ბრალდებები, რომ არის პრორუსული”, – თქვა კილაძემ.
ის ევროპული საქართველოს წევრ ელენე ხოშტარიას მიერ პროკურატურაში გამოძიების დაწყების მოთხოვნით სარჩელის შეტანასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ კარგი იქნებოდა, ხოშტარიას მაშინ გახსენებოდა, რომ რუსეთი ოკუპანტია, როცა “ოკუპანტ ქვეყანაში სწავლობდა”.
შეგახსენებთ, რომ რუსულ მედიაში გამოქვეყნდა დოკუმენტები და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პატრიოტთა ალიანსი რუსეთიდან ფინანსდება. ცენტრ “დოსიეს“ მიერ გამოქვეყნებულ მასალებში საუბარია იმაზეც, რომ ქართული ოპოზიციური პარტიის კურატორი კრემლია. 2020–ის საპარლამენტო არჩევნებში კი ისინი რუსეთიდან 8 4330 625 დოლარით ფინანსდებიან.
ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ოპოზიცია “პატრიოტთა ალიანსის” არჩევნებიდან მოხსნას და გამოძიების დაწყებას ითხოვს.