„ქართული ოცნებისთვის“, ვფიქრობ, რომ წამგებიანი სვლაა, იმიტომ, რომ ყველაზე დაბალრეიტინგული ფიგურა მოჰყავს პრემიერად, მაშინ როდესაც ღარიბაშვილის რეიტინგი ბევრად უფრო მაღალი იყო.

ბიძინა ივანიშვილს აქვს ტაქტიკური ცვლები-ფიგურების გადაადგილება საჭადრაკო დაფაზე. თუ ვინმეს ახსოვს მამუკა ბახტაძე ან რატომ მოიყვანა, ან რატომ გაუშვეს, გამიხარდებოდა. როდესაც 11 წლის განმავლობაში 7 პრემიერი იცვლება, ეს არა მხოლოდ არასტაბილურობის წყაროა, არამედ მიანიშნებს იმას, რომ ეს ადამიანი თავის გადარჩენას ამ გადაადგილებით ცდილობს. მან ღარიბაშვილს არც ერთხელ არ ანდო არჩევნების ჩატარება, არც წინა პრემიერობისას, არც ახლა. როგორც ჩანს, მას აქვს თავისი საკითხები და არ მგონია, რომ ეს მხოლოდ მის კორუფციულ საქმეებს უკავშირდებოდეს, იმიტომ, რომ არც ერთხელ არ დაუსჯია კორუფციისთვის.

თუ მკითხავთ რა შეიცვლება- ირაკლი ღარიბაშვილის ენა ბევრად უფრო ხისტი იყო, ვიდრე ირაკლი კობახიძის, მიუხედავად იმისა, რომ კობახიძეს ბევრად უფრო ბინძური კომბინაციები შეუძლია, ვიდრე ირაკლი ღარიბაშვილს. ღარიბაშვილს ჰქონდა მართვის გამოცდილება, ირაკლი კობახიძეს მთავრობის მართვის გამოცდილება, ისევე როგორც რაიმე სამინისტროსი, არ აქვს. თუ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველსა და მომხრეებს დაელაპარაკებით, მათაც ვერ გაიგეს, როგორ შეიძლება, ასეთი რეიტინგული პრემიერი ჩაანაცვლო ყველაზე დაბალრეიტინგული პრემიერით და მათაც ვერ გაიგეს, რას ერჩოდნენ ღარიბაშვილს. არ მგონია ვინმემ იცოდეს მიზეზი- მხოლოდ ბიძინა ივანიშვილმა. 30 დეკემბერს მესამედ მოსული და მეორედ მობრუნებული პრემიერი, რომელიც ამბობდა, რომ აღარ მობრუნდებოდა პოლიტიკაში, ამბობდა, რომ პრემიერს არ შეცვლიდა და ერთი თვეც არ გაძლო მისმა სიტყვამ, ისე შეცვალა, ამიტომ ბიძინა ივანიშვილის სიტყვა რომ გაუფასურებულია, ძალიან დიდი ხანია ეს ამომრჩეველმა ნახა. ამასთან, თუ სიძულვილის ენით და შავრაზმული ანტიდასავლური ჯგუფების ხარჯზე გადიოდა ფონს ღარიბაშვილი, ამ მოცემულობაში, არ ვფიქრობ, რომ დიდად რამე შეიცვალოს, იმ ფონზე, როდესაც ირაკლი კობახიძე ყველაზე ხმამაღალი ანტიდასავლური რუპორი იყო პარლამენტში და მისი ფრაზა, რომ თუ ომში საქართველო არ ჩაერთვება, კანდიდატის სტატუსს არ მოგვცემენ, როგორი მართალი აღმოჩნდა, ალბათ, ყველა ხედავს. მისი თავდასხმები აშშ-ზე, ევროკავშირზე, სამოქალაქო სექტორზე, ეს როგორ უნდა შეიცვალოს?!“,

ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.