„ქართული ოცნების“ პარლამენტმა, გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი კანონპროექტი III მოსმენით მიიღო

ფოტო: Mo Se

„ქართული ოცნების“  ერთპარტიულმა პარლამენტმა, პროტესტის შემზღუდავი კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. ცვლილებები სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში, დაჩქარებული წესით განიხილეს და ის ძალაში შევა მას შემდეგ, რაც მიხეილ ყაველაშვილი მას ხელს მოაწერს.

ცვლილებების მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლს ემატება მე-10 ნაწილი, რომლის მიხედვითაც, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილე უალტერნატივოდ ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება შემდეგი ქმედებისთვის:

15 დღემდე პატიმრობით დაისჯება შეკრების ან მანისფესტაციის მონაწილე, რომელიც:

  • სახის “ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით” დაიფარავს;
  • იქონიებს “ცრემლმდენ, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ან/და მომწამვლელ ნივთიერებას”;
  • განზრახ შექმნის “დაბრკოლებებს ხალხის ან ტრანსპორტის გადაადგილებისთვის”;
  • მოაწყობს დროებითი კონსტრუქციას, რომლის მოწყობა “საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას”.

აღნიშნული ქმედებები გამოიწვევს:

  1. ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით;
  2. ორგანიზატორის შემთხვევაში — 20 დღემდე ვადით;
  3. ხოლო იარაღის, ფეთქებადი, ცივი ან საშიში ნივთიერებების ქონისას – 60 დღემდე პატიმრობას.

სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, იგივე ქმედებების განმეორება ერთ წლის განმავლობაში უკვე სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვლება.
სასჯელი განისაზღვრა შემდეგნაირად:

  • ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა;
  • არაერთგზის ჩადენის შემთხვევაში — ორ წლამდე;
  • არასრულწლოვნის მიერ ჩადენისას — ჯარიმა, გამასწორებელი სამუშაო ან ერთ წლამდე პატიმრობა;
  • ორგანიზატორის მიერ ჩადენისას, რომელმაც მძიმე შედეგი გამოიწვია — ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

ცვლილებები ასევე ეხება ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლს, რომელიც პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და სამართალდამცველის შეურაცხყოფას შეეხება. ამ მუხლის მესამედ დარღვევა სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვლება:

  • დაისჯება ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით;
  • არაერთგზის შემთხვევაში — ორ წლამდე;
  • არასრულწლოვნის შემთხვევაში — ჯარიმით, გამასწორებელი სამუშაოთი ან ერთწლამდე პატიმრობით.