ოცნების პოლიტიკის გამო კონგრესში რეზოლუციის საკვანძო ნაწილში არ გვახსენებენ – ბოკერია

“ივანიშვილის რეჟიმის მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგად, კონგრესში, რეზოლუციის საკვანძო ნაწილში, საქართველო ნახსენები არ არის” – ასე ეხმაურება, “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ამერიკის სენატსა და კონგრესში ინიცირებულ ორპარტიულ „უკრაინის გამარჯვების“ რეზოლუციას.  ბოკერია ასევე აღნიშნავს, რომ   სენატში ინიცირდა ორპარტიული რეზოლუცია, რომელიც არა უბრალოდ მხარს უჭერს უკრაინასა და მის ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ მკაფიოდ განსაზღვრავს რა იქნება შეერთებული შტატების გეოპოლიტიკური ამოცანა ამ ვითარებაში – “ეს არის უკრაინის ტერიტორიის სრული დეოკუპაცია და იურისდიქციის აღდგენა 1991 წელს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. და რაც საქართველოსთვის ამ კონტექსტში კიდევ უფრო საყურადღებოა, ამის შემდეგ უკრაინის გაწევრიანება ნატოში.” ამბობს ბოკერია.

“საქართველო ნახსენებია ბუქარესტის გადაწყვეტილების ციტატის ნაწილად, მაგრამ შემდგომ ტექსტში, საკვანძო გზავნილში, სადაც საუბარია, რომ ამოცანა იქნება უკრაინის NATO-ში გაწევრიანება, საქართველო ნახსენები არაა. ეს ვითარება არის პირდაპირი შედეგი ივანიშვილის რეჟიმის მოღალატეობრივი პოლიტიკის. ამ ისტორიულ მომენტში, იმის ნაცვლად, რომ ჩვენ გვყავდეს ხელისუფლება, რომელიც ვაშინგტონში, ბრიუსელში და ყველა დედაქალაქში ლობირებს, რომ საქართველო, როდესაც მოხდება რუსეთის დამარცხება და გაფართოება თავისუფალი სამყაროსი, უნდა იყოს NATO-ს წევრი. ამის მაგივრად, დაკავებულია დასავლეთთან, აშშ-სთან და ევროპასთან დაპირისპირებით, ანტიდასავლური კამპანიით და ამ ისტორიულ მომენტს გვაკარგვინებს”. – ამბობს ბოკერია.