ლელოს ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ ქართულ ოცნებაში საღმა აზრმა უნდა გაიმარჯვოს.
“ქართული ოცნების” მხრიდან მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი ჩიხშია შესული. ოპოზიცია დიალოგის მაგიდიდან არსად წასულა. ჩვენ მზად ვართ და ვიმყოფებით მოლოდინის რეჟიმში, იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პარტიის შიგნით არსებული ბარიერები გადალახოს და საღმა აზრმა გაიმარჯვოს”,– ამბობს ჯაფარიძე.
მისი შეფასებით, “ქართულ ოცნებაში“ არის რადიკალური ფრთა, რომელიც ეწინააღმდეგება ოპოზიციასთან მოლაპარაკებების გაგრძელებას, პოლიტიკურ შეთანხმებას და პოლიტიკურ მშვიდობას ქვეყანაში.
“იმედი მაქვს „ქართულ ოცნება“ გადადგამს ნაბიჯს საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ და მოლაპარაკებები განახლდება. ამისთვის, „ქართულმა ოცნებამ“, უნდა გადაწყვიტოს ვადამდელი არჩევნების თარიღი, ან საქართველოს მოქალაქეებს უნდა დაუსვას კითხვა, სურთ თუ არა მათ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც უნდა ჩატარდეს სამართლიანად დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. ისეთი ადამიანებით, რომელიც არასდროს იკადრებენ იმას, რაც 2020-ის 31 ოქტომბერს ვიხილეთ. “ქართულმა ოცნებამ” უნდა გადასინჯოს საკუთარი მიდგომები და გააცნობიეროს, რომ ქვეყანაში არსებული გამოწვევის ფონზე, ეს პარლამენტი ნორმალურ ფუნქციონირებას ვერ შეძლებს”,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.