“ოცნების” სიაში იქნებიან ის ლიდერები, ვისი პასუხისმგებლობაცაა ქვეყანაში უმძიმესი კრიზისი – ბაქრაძე

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით, როგორც არ უნდა დაკომპლექტდეს ქართული ოცნების საარჩევნო სია, ამ სიაში ის პოლიტიკური ლიდერები იქნებიან, ვისი პასუხისმგებლობაცაა დღეს, ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი.

ბაქრაძის თქმით, ამ სიაში ნულოვანი წონის მქონე ახალი სახეებიც იქნებიან.

“ქართული ოცნება არის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც ქვეყანა შეიყვანა ძალიან ღრმა ეკონომიკურ კრიზისში, უმედობაში და ვერ სთავაზობს ვერანაირ გამოსავალს ამ გაჭირვებიდან და პრობლემებიდან. ამიტომ, როგორც არ უნდა დაკომპლექტდეს საბოლოოდ სია, ნათელია, რომ ამ სიაში იქნებიან ის პოლიტიკური ლიდერები, ვისი პასუხისმგებლობაცაა დღეს ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი და ფონი და რა თქმა უნდა, იქნებიან ნულოვანი წონის მქონე ახალი სახეებიც, რომელთა ერთადერთი ამოცანა იქნება ამ სიის გაფერადება და სიახლის ილუზიიის შექმნა.

მაგრამ, ეს ილუზია ვერ მოაგვარებს კრიზისს, ვერ წაიყვანს ქვეყანას წინ, ამიტომ გამოსავალი არის ერთი, მთლიანად ამ გუნდზე უარის თქმა და ამ არჩევნების გამოყენება იმისათვის, რომ ქვეყანაში დადგეს გარდამტეხი ცვლილებები”. – ამბობს ბაქრაძე.

“ქართული ოცნება” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო სიის ოცეულს დღეს წარადგენს.