“ოცნების“ ყრილობას ბიძინა ივანიშვილი არ დაესწრება

საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“ –ში ქართული ოცნების ყრილობა 14 საათისთვის დაიწყება. მას 400–მდე დელეგატი დაესწრება. ყრილობაზე პარტიის ახალ თავმჯდომარეს და განახლებულ პოლიტსაბჭოს ირჩევენ. პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურაა წარდგენილი.

ასევე პოლიტიკურმა საბჭომ დაამტკიცა განახლებული პოლიტიკური საბჭოს წევრობის კანდიდატების 21-კაციანი სია, რომელთა ვინაობაც დღეს გახდება ცნობილი.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ყრილობას ბიძინა ივანიშვილი არ დაესწრება.

„მეც დავიცავ შეთანხმებებს და პრინციპს, რომ წინასწარ არ ვსაუბრობთ. . განსაკუთრებული სიურპრიზები არ იქნება. წინასწარ გარკვეული ინფორმაციები ხმოვანდება ხოლმე. დასახელებული გვარებიდან შეიძლება ზოგი მართალი იყოს და ზოგი არა. ამის შესახებ პირდაპირ ეთერში გაიგებთ“, – განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც 11 იანვარს „ქართული ოცნების“ უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პარტია და თანამდებობა დატოვა და  პოლიტიკიდანაც წავიდა. ივანიშვილი ამბობს, რომ პოლიტიკაში ჩარევას აღარ აპირებს და არც პარტიის საქმეებში ჩაერევა.