ევროპული საქართველოს წევრის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, მარნეულის 65-ე საარჩევნო უბანზე, ხმების დათვლის დროს, ქართული ოცნების წარმომადგენლები ეუთო-ს დამკვირვებელს ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ.
მისი თქმით, უბანზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც იქ საკრებულოს თანამშრომელმა ელშან გასანოვმა რამდენიმე ათეული ბიულეტენი შეიტანა, სადაც 41 ნომერი იყო შემოხაზული და თქვა, რომ ისინი იატაკზე იპოვა, ეს ეუთო-ს დამკვირვებელმა გააპროტესტა, რის გამოც უბანზე მყოფი ოცნების წარმომადგენლები დაემუქრნენ, საბოლოოდ კი ბიულეტენები მაინც მმართველი გუნდის ხმებს მიუმატეს.
“უბანზე შემოვიდა მარნეულის საკრებულოს თანამშრომელი ელშან გასანოვი, რომელმაც უბიდან ამოიღო ბიულეტენების დასტა, დაყარა მაგიდაზე და თქვა, რომ ეს ბიულეტენები იპოვნა იატაკზე. ამ ფაქტს შეესწრო კირა კაურინკოსი, ეუთო-ს გრძელვადიანი დამკვირვებელი და რა თქმა უნდა, გაუკვირდა. როგორ შეიძლება, ასეთი რამ მოხდეს საერთოდ? ამ ბიულეტენებში შემოხაზული იყო 41. ამ დროს ეუთოს გრძელვადიან დამკვირვებელს ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ იქ მყოფი ქართული ოცნების წარმომადგენლები, ადგილი ჰქონდა გაწევ-გამოწევას და ეს დასტა, საბოლოო ჯამში, მიათვალეს ხმების საბოლოო რაოდენობას”, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.