უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი ადასტურებს, რომ ამნისტიის კანონი არ გავრცელდება იმ პირებზე, რომლებსაც კონვენცია დარღვეული აქვთ.
მისივე თქმით, ამნისტია ყველა პირზე თანაბრად გავრცელდება.
“ვრჩებით ერთგული ამ შეთანხმების, რაც ნიშნავს ამნისტიის აქტის გამოცემას და ამნისტიის აქტის ყველა პირზე და სამართალდარღვევაზე გავრცელებას, როგორც შეთანხმებაშია გაწერილი. თუ იკითხავთ, რომ კონვენციურ მუხლებთან მიმართებაში საერთაშორისო სტანდარტი იქნება თუ არა დაცული, ჩვენი პოზიცია არის რომ კონვენციის დათქმა უნდა ჩაიწეროს – ამასთან დაკავშირებით შევთანხმდით კიდეც და ორი აზრი არ არსებობს. კონვენციური მუხლები ითვალისწინებს – წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას და ა.შ.
თუ დადგინდება, რომ ამ მიმართულებით ვინმემ ჩაიდინა დანაშაული, მაგათზე არ გავრცელდება ამნისტია. ვერც ერთი პოლიტიკოსი, როდესაც მას, სავარაუდოდ, ჩადენილი აქვს მძიმე კატეგორიის დანაშაული პრივილეგირებული სხვა ადამიანებთან მიმართებაში ვერ იქნება. ამნისტია გამოიცემა. ამნისტია გავრცელდება ყველაზე თანაბრად, ყველა პირზე და ყველა დარღვევაზე, გარდა იმ კონვენციური მიდგომისა რაზეც ვთანხმდებით”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.