ოხანაშვილი: 2012-მდე ციხეში არმოხვედრას ნატრობდნენ, მელიას ახლა გამოსვლა არ უნდა

უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ 2012 წლამდე ხალხი ციხეში არმოხვედრას ნატრობდა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ნიკა მელია ციხიდან “არ გამოდის”.

“ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ქართველი ადამიანი და არა მხოლოდ ქართველი, ნატრობდა ციხეში არმოხვედრას, ქართული ოცნების პირობებში კი ნიკანორ მელია, ნაციონალური მოძრაობის ფორმალური თავმჯდომარე ციხიდან არ გამოდის. არ უნდა ამ ადამიანს ციხიდან გამოსვლა. როგორც ჩანს, კარგად გრძნობს თავს.

ეს არის ფაქტი და ამას ყველა ვხედავთ. სხვა შემთხვევაში, თუ ის პატივს სცემს წესებს, რაც ყველა მოქალაქეზე ვრცელდება, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ერთი კონკრეტული მოქმედება უნდა განახორციელოს. ჩვენ ყველამ ვნახეთ პროკურატურის განცხადება, რომელიც მზად არის განახორციელოს ქმედება, რის შედეგადაც ნიკანორ მელია პატიმრობაში არ იქნება. ამიტომ სრულად მასზეა დამოკიდებული, დარჩება პატიმრობაში თუ არა”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.