„ოჯახი თვლის, რომ გიორგის განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნილია, რომ დანაშაულის ჩამდენი პირები მიცემული არიან სწორად, მართებულად და სამართლებრივად გამართულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში“, – ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის ბიძამ მირიან ნიკოლაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მტკიცებულებებით დადგინდა, რომ გარდა „ტოიოტას“ მარკის ავტომობილის 5 მგზავრისა, სხვა პირები ფიზიკურად ვერ ჩაიდენდნენ აღნიშნულ დანაშაულს.
„საბოლოო ჯამში დადგინდა, რომ 5 პირმა ჩაიდინა გიორგის მკვლელობა. დღესდღეობით არსებული მტკიცებულებებით, რაც ჩვენთვისაა ცნობილი, ვფიქრობთ, რომ სრულადაა დადასტურებული მათ მიერ ჩადენილი ქმედება, ასევე ვფიქრობთ, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს სასამართლოში არ უნდა ჰქონდეს რაიმე სამართლებრივი პრობლემა, ვინაიდან ის მაღალი სტანდარტი, რომელიც კანონითაა გათვალისწინებული, უკვე დაკმაყოფილებულია. საბოლოო ჯამში, ეჭვშეუვალად იქნა დადგენილი, რომ სხვა მანქანები, სხვა პირები, გარეშე ადამიანები, გარდა „ტოიტას“ მგზავრებისა ანუ ამ ხუთი წევრისა, შემთხვევის ადგილას არ იყვნენ ფიზიკურად და სხვა ვერავინ განახორციელებდა ამ დანაშაულს“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.