ოჯახს არ უნდა ევაჭრებოდნენ – “ხომ შევთანხმდით, მიტინგებს არ მოაწყობო” – ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, გამოძიების მიმართ ოჯახის უნდობლობა გამოიწვია იმან, რომ სამართალდამცავების ქმედებები მუქარას ჰგავდა.

„ოჯახის უნდობლობა განპირობებულია ამ ხუთდღიანი ვადით, რაც დაკავშირებულია ძებნასთან, რაც დაკავშირებულია არაკეთილსინდისიერ ურთიერთობასთან ოჯახის წევრებთან, მამასთან ცუდი და უხეში გაფრთხილებებით. თითქოს იყო მუქარა – „შარშია შენი გოგო და შენც შარში არ მოხვდე“. სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი სამართალს უნდა იცავდე და არა – სამართალს არღვევდე”,– განაცხადა რამიშვილმა პალიტრანიუსის ეთერში.

მისივე თქმით, სამართალდამცავები ოჯახს არ უნდა ევაჭრებოდნენ, “ხომ შევთანხმდით, რომ მიტინგს არ მოაწყობო”.

“ასეთ დამოკიდებულებას არ უნდა ქმნიდე და არ უნდა ევაჭრებოდე – „ხომ შევთანხმდით, რომ მიტინგებს არ მოაწყობო“. არ უნდა ევაჭრებოდე, როდესაც პროტესტს გამოხატავს ოჯახი, რომელსაც ამხელა ტანჯვა და ტკივილი აქვს მიყენებული. ვაჭრობას და მუქარას გავდა ეს და სირცხვილია. სახელმწიფოა ეს და არა ერთეული პირების სავაჭრო ცენტრი. აქედან გამომდინარე, ოჯახს გაუჩნდა დიდი პროტესტი. ჩართული ვარ ამ საქმეში და ვნახავ, გამოძიება როგორ იმოქმედებს. არავის არ მივცემ ამის საშუალებას, ვინც არ უნდა იყოს, საითაც არ უნდა მიდიოდეს ეს გზა და რა პირებთანაც არ უნდა მიდიოდეს”, – განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა.

ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ტყეში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი გუშინ იპოვეს.