პაატა სალიას დავით ზეიკიძე პირადი ჩანაწერების გასაჯაროებით დაემუქრა. ამის შესახებ პაატა სალიას კლიენტმა და კომპანია „ლიდერფუდის“ ერთ–ერთმა დამფუძნებელმა ირაკლი დუმბაძემ და მისმა მეუღლემ ინგა ზეიკიძემ „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
„მან სასამართლოების წაგების შემდეგ საბოლოოდ დაკარგა სახე და ამჯერად, უკვე თავისი ბინძური, ცილისმწამებლური მეთოდებით, ცდილობს გავლენა მოახდინოს უზენაეს სასამართლოზე.
ისიც კი იკადრა, რომ მისივე ვაჟის რეკომენდაციით დანიშნული ბუღალტრის მიერ კომპანიის ქონების მითვისების ფაქტი, ჩემ სახელს დაუკავშირა, მაშინ როდესაც ამ უკანასკნელმა თანხა მას შემდეგ მიითვისა, რაც მე ლიდერფუდში უკვე აღარ ვმუშაობდი.
თუმცა მისგან გასაკვირი არაფერია, რადგან ესაა ადამიანი, რომელიც უშუალოდ სასამართლოს დარბაზშიც არ ერიდება დანაშაულის ჩადენას. ის ჩემს ადვოკატს – პაატა სალიას პირადი ჩანაწერების გასაჯაროებით დაემუქრა, რაზეც თბილისის პროკურატურაში მიმდინარეობს საქმის შესწავლა.დავით ზეიკიძის და მისი ადვოკატის არჩილ კბილაშვილის მიერ გავრცელებული ცილისწამება, ეს არის ჩემი დისკრედიტაციის და უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეზე ზემოქმედების მოხდენის იაფფასიანი მცდელობა.“
ირაკლი დუმბაძე დავით ზეიკიძის სიძეა. ის ხორცპროდუქტების მაწარმოებელ “ლიდერფუდის” მეპარტონეს, დავით ზეიკიძეს უჩივის და 2018 წელს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვს, რომლითაც მან კომპანიის 50% 1 მლნ ლარად გადასცა ზეიკიძეს. დუმბაძის მხარე ორი ინსტანციის სასამართლო უკვე მოგებული აქვს, ზეიკიძის მხარე მართლმსაჯულების სისტემაში შესაძლო კორუფციაზე საუბრობს.
ირაკლი დუმბაძე აცხადებს, რომ მისმა სიმამრმა, დავით ზეიკიძემ კონტრაქტით გათვალისწინებული თანხა არ გადაუხადა და ამის საფუძველზე ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვს.
შ.პ.ს “ლიდერფუდის” 100%-იანი წლის მფლობელის, დავით ზეიკიძის ადვოკატი არჩილ კბილაშვილი ადასტურებს, რომ სიმამრს სიძისთვის თანხა ნამდვილად არ გადაუხდია, თუმცა ეს ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან დუმბაძე წილის ნომინალური მფლობელი იყო. ამის დასტურად კბილაშვილი ამბობს, რომ ეს ოჯახური ბიზნესია და რეალურად მცხეთაში მდებარე ხორცპროდუქტების საწარმოს აქტივები 25-30 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, შესაბამისად 1 მლნ ლარად წილის ნახევარს არავინ გაასხვისებდა.
“დუმბაძე აცხადებს, რომ დავით ზეიკიძემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა არ გადაიხადა. ეს დავის შინაარსობრივი მხარეა, რომელსაც არ გავურბივართ. მეტიც, ვამბობთ, რომ მოდით, ეს განვიხილოთ. რა თქმა უნდა, ზეიკიძეს ეს მილიონი ლარი არ გადაუხდია და ამის მიზეზი იყო ის, რომ 2018 წელს, სანამ დავით ზეიკიძე 100%-ს გადმოიფორმებდა, 50% ეკუთნოდა მის შვილს დიმიტრი ზეიკიძეს, ხოლო მეორე 50%, სიძეს – ირაკლი დუმბაძეს. ორივე ნომინალური მფობელები იყვნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში 2 მილიონ ლარად დავით ზეიკიძეს არავინ მისცემდა ქონებას, რომელიც დაახლოებით 25 მლნ დოლარი ღირს. შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულებაში ჩაწერილი თანხა ფორმალური იყო”,-ამბობს კბილაშვილი.
როგორც კბილაშვილმა 29 მაისს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, თბილისის საქალაქო სასამართლომ ზეიკიძეს კომპანიის წილის 50% მეორე მხარის დაუსწრებლად, არსებითი განხილვის გარეშე დაუბრუნა, რადგან მოპასუხე მხარემ სასამართლოში შესაგებელი სარჩელი არ წარადგინა.
კანონმდებლობის მიხედვით, სარჩელის ჩაბარების ვალდებულება მოპასუხე მხარისთვის მოსარჩელეს, ამ შემთხვევაში კი ირაკლი დუმბაძეს ჰქონდა. კბილაშვილის მტკიცებით, დავით ზეიკიძეს სარჩელი არ ჩაბარებია, შესაბამისად, ის სასამართლოში შესაგებებელს ვერ შეიტანდა. აქედან გამომდინარე, სასამართლომ 10 დღის ვადაში, 2019 წლის ივნისში, ლიდერფუდის 50% ირაკლი დუმბაძეს მიაკუთვნა, რომლის ინტერესებსაც სასამართლოში ადვოკატი, ამჟამად “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი, პაატა სალია იცავდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.
“საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც სარჩელის დავით ზეიკიძისთვის ჩაბარებას დაადასტურებდა. ორივე ინსტანციის სასამართლო ამას უბრალოდ იგნორირებას უკეთებს და აცხადებს, რომ ზეიკიძეს სარჩელი ჩაბარდა”, – ამბობს კბილაშვილი.