“პაემანი ეთერში“-ვლადიმერ და ელენა ზელენსკების პირველი ერთობლივი ინტერვიუ ომის დაწყების შემდეგ

უკრაინის პრეზიდენტის ცოლმა, ელენა ზელენსკაიამ გულახდილად ისაუბრა ომის დროს მათი ოჯახის ცხოვრებაზე ვლადიმერ ზელენსკისთან ერთობლივ ინტერვიუში, რომელიც ზელენსკის გაპრეზიდენტების 3 წლისთავს მიეძღვნა.

ელენა ზელენსკაიამ თქვა, რომ ქმარი ორი თვეა არ უნახავს და ინტერვიუ მასთან შეხვედრის იშვიათი მიზეზი გახდა.

“პაემანი ეთერში“– იხუმრა ვლადიმერ ზელენსკიმ მათი შეხვედრის შესახებ.

პრეზიდენტის ცოლმა თქვა, რომ ქმარს ომიც კი ვერ წაართმევს, მიუხედავად იმისა, რომ ის თითქმის მთელ დროს სამსახურში ატარებს:

“როგორც ადრე იყო საიმედო ქმარი და ადამიანი, ისევე დარჩა. ოჯახი, რა თქმა უნდა, ისევე, როგორც ყველა უკრაინული ოჯახი ახლა მიმოფანტულია. მაგრამ ჩემს ქმარს ვერავინ წამართმევს, თვით ომიც კი. მართალია ის სამსახურში ცხოვრობს და მხოლოდ ტელეფონით გვაქვს ურთიერთობა, თუმცა რამდენიმე შეხვედრა გვქონდა“– თქვა პრეზიდენტის ცოლმა.

“მოუთმენლად ველოდებით, როდის დაბრუნდება ყველაფერი საკუთარ ადგილზე“– ამბობს ის.

კითხვაზე, უკეთებს თუ არა რედაქტირებას პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის ტექსტებს, პირველმა ლედიმ უპასუხა, რომ მას ჯერ ასეთი შესაძლებლობა არ აქვს და ასეთი მაშტაბის სამუშაოს შესრულება მას არ ძალუძს. ამ საქმეს სფიჩრაითერები აკეთებენ.

ინტერვიუში ვლადიმირ ზელენსკიმ 3 წლის მანძილზე მისი, როგორც პოლიტიკოსის ტრანსფორმაციაზე ისაუბრა და თქვა, რომ 2019 წელს ამდენი გამოცდილება და დიპლომატიური უნარები არ ქონდა.

ასევე თქვა, რომ ომში გამარჯვება რთული და სისხლიანი იქნება, თუმცა თავად ომის დასრულება დიპლომატიური გზით მოხდება.