პანდემიამ ორგანიზებულ დანაშაულსაც დაარტყა. კრიმინალები ზარალს ითვლიან და ახალ გზებს ეძებენ

საერთაშორისო ორგანიზაციამ “გლობალური ინიციატივა ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ“ გამოაქვეყნა ანგარიში, “კრიმინალი და ინფექცია. პანდემიის ზემოქმედება ორგანიზებულ დანაშაულზე“, რომელშიც აღნიშნულია, რომ მსოფლიოს მიერ მიღებულმა ზომებმა კორონავირუსის წინააღმდეგ ერთის მხრივ ორგანიზებული დანაშაულის მოქმედების თავისუფლება შეზღუდა, თუმცა მეორეს მხრივ მისთვის გამდიდრების ახალი შესაძლებლობები გააჩინა.

საზღვრების საყოველთაო ჩაკეტვამ მალე აღკვეთა ან შეანელა დანაშაულებრივი საქმიანობის ზოგი სახეობა, თუმცა მეორეს მხრივ დანაშაულებრივმა ორგანიზაციებმა არეულობით და სიტუაციის სირთულით ისარგებლეს და უკანონო საქონლის და მომსახურების ახალი ტიპის მოთხოვნაზე დაიწყეს ფულის კეთება. ანგარიშის მიხედვით კრიმინალი ახალ საშუალებებს მომავალშიც გამოიყენებს. განსაკუთრებით იმ ქვეყნებშიც, სადაც დიდი ხანია ჯანდაცვის სფეროში ფეხი მოიკიდა.

ანგარიშის ავტორები ოთხი ტიპის შედეგებს ასახელებენ, რომლებიც პანდემიამ დანაშაულებრივი სამყაროსთვის გამოიწვია:

  1. რიგი დანაშაულები სოციალური დისტანცირებისა და გადაადგილების შეზღუდვის გამო შემცირდა და ისინი ძველ ნიშნულს მალე ვეღარ დაუბრუნდებიან.
  2. ზოგიერთმა დანაშაულებრივმა ორგანიზაციამ იმით ისარგებლა, რომ ძალოვანი სტრუქტურების და პოლიტიკური ხელისუფლების ყურადღება სხვა პრობლემებზე იყო გადართული და თავისი საქმიანობა გაააქტიურა.
  3. ორგანიზებულმა დანაშაულებრივმა დაჯგუფებებმა, რომლებიც ჯანდაცვის სფეროში არიან ჩანერგილი დაუყოვნებლივ იპოვნეს ახალი შესაძლებლობები ამ სექტორის გამოყენებით.
  4. კიბერდანაშაული სწრაფად იზრდება, რადგან მან ისარგებლა იმით, რომ ადამიანების დიდი რაოდენობა სახლშია გამოკეტილი და ინტერნეტთან ბევრად მეტ დროს ატარებს.

ანგარიშში ყოველი კატეგორია ცალ–ცალკეა გარჩეული.

სოციალურმა დისტანცირებამ და კარანტინმა ქუჩის დანაშაულის მაშტაბებზე იქონია გავლენა, რომელიც ხშირად ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების მიერ იმართება. მაგალითად, მექსიკაში, წლის დასაწყისში მკვლელობების რიცხვი გამაოგნებლად მაღალი იყო, შემცირდა სოციალური დისტანცირების შედეგად კი რადიკალურად – დღეში 81-დან 54–მდე. თუმცა, თანდათან ძველ დონეს დაუბრუნდა.

ქალაქების ქუჩები ცარიელია, პატრულირებენ პოლიციელები და კარანტინის წესების დაცვას აკონტროლებენ. ეს კი დანაშაულის ადგილიდან გაქცევას ართულებს.

კვლევის ავტორთა მონაცემებით მკვლელობებისა და ძარცვის შემთხვევების კლება აღინიშნება ბალკანეთში.

ვარაუდობენ, რომ მაფიასთან დაკავშირებული მკვლელობების რიცხვი უახლოეს თვეებში შემცირდება სერბეთში და ჩერნოგორიაში.

ბოსნიაში ფართოდ არის გავრცელებული მანქანების გატაცება. თუმცა ცარიელ ქუჩებში ამის შეუმჩნევლად გაკეთება გართულდა.

კვლევის მიხედვით ჯერჯერობით გაურკვეველია, როგორი იქნება კარანტინის შორსმიმავალი შედეგები, თუმცა ჯერჯერობით ისინი აშკარად აისახა ორგანიზებულ დანაშაულზე.

მაგალითად, იტალიაში კარანტინის წესების დარღვევისთვის დააკავეს კალიბრიული მაფიის, ნდრანგეტას ბოსი ჩეზარე კორდი. მანამდე მასზე ძებნა იყო გამოცხადებული.

ჩინეთიდან ექსპორტის შემცირება დანაშაულებრივი დაჯგუფებების შემოსავლებზეც აისახა. ჩინეთი მსოფლიოში კონტრაფაქტული და აკრძალული საქონლის მთავარი წყაროა, ამიტომაც ჩინური ფაბრიკების გაჩერების შემდეგ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები მთავარი მომწოდებლის გარეშე დარჩნენ. მექსიკური კარტელები კი, რომლებიც მეტამფიტამინებს და ფენტანილს მომგებიანი ამერიკული ბაზრისთვის აწარმოებდნენ, მთავარი ინგრედიენტების გარეშე დარჩნენ, რომელსაც ჩინეთიდან იღებდნენ.

საზღვრების ჩაკეტვამ ევროპაში, რომელიც უკანონო საქონლისთვის გასაღების მსხვილი ბაზარია, გამოიწვია ის, რომ იმპორტი შეზღუდული რაოდენობის სასაზღვრო პუნქტების საშუალებით ხორციელდება და უფრო აქტიური დაკვირვების ქვეშ არის, ვიდრე პანდემიამდე.

ახალი სიტუაცია აისახა “ცოცხალი საქონლით“ ევროპელ მოვაჭრეებზე.

თუმცა, ანგარიში გვაფრთხილებს, რომ ისინი ალბათ შეეცდებიან ფული არალეგალური მიგრანტების სასოწარკვეთილი მდგომარეობის გამოყენებით იშოვნონ, რომლებიც საგანგებო ვითარების გამო შუა გზაზე გაიჭედნენ და დანიშნულების პუნქტამდე ვეღარ მივიდნენ. ეს კი აქამდე არსებულ ფასებს გაზრდის.

კარანტინმა და სხვა შეზღუდვებმა გზა გადაუჭრა ნარკოტიკების საერთაშორისო ტრანსპორტირებას. აღმოსავლეთ და სამხრეთ აფრიკაში ჰეროინის “ქუჩის ფასის“ ზრდა და მისი ხარისხის დაცემა შეიმჩნევა, რადგან მის გადამზიდავებს საქმე აშკარად გაურთულდათ. გარდა ამისა, მისი საცალო გასაღების მთავარი ბაზარი ქუჩაა, რომელიც ამჟამად გაუკაცრიელებულია. ანგარიშის ავტორების აზრით ამან შეიძლება საცალო ნარკოვაჭრობა ინტერნეტში გადაიყვანოს, თუმცა ჯერჯერობით ასეთი გადანაცვლების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

დაზარალდება ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებების სხვა საქმიანობაც, მაგალითად “დაკრიშვა“, რადგან იმდენი წვრილი კომპანია და სავაჭრო წერტილი იხურება, “კრიშის“ საჭიროება ბევრს უბრალოდ აღარ ექნება.

ალბანეთში კანაფის დათესვისი სეზონი მარტი და აპრილია და ის სავარაუდოდ ჩვეულებრივზე უფრო აქტიურად ჩაივლის, რადგან პოლიცია ძირითადად  კარანტინის დამრღვევებთან ბრძოლით არის დაკავებული.

ანგარიშის ავტორები წერენ, რომ ზაფხულში კარგი მოსავალია მოსალოდნელი.

კორონავირუსის გამო დახურულია სასაზღვრო პუნქტები კოლუმბიაში, რომელიც კოკაინით მსოფლიოს მთავარი მომმარაგებელია. თუმცა, დამკვირვებელთა ნაწილი გვაფრთხილებს, რომ ამან შესაძლოა გააძლიეროს დანაშაულებრივი დაჯგუფებები, რომლებიც საზღვარზე გამავალ  ასობით ბილიკს აკონტროლებენ, და რომელთა საშუალებითაც  მიგრანტები, ნარკოტიკები, უკანონოდ მოპოვებული ოქრო და სხვა აკრძალული საქონელი გადაადგილდებიან.

სამხრეთ აფრიკის ნაციონალური სარეზერვო ბანკი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ აფერისტები, რომლებიც თითქოსდა მას წარმოადგენენ, რიგითი მოალაქეებისგან ფულის კუპიურებს აგროვებენ იმ მოტივით, თითქოს ისინი ვირუსით არის დაინფიცირებული.ნაირობის პოლიციამ რეიდები ჩაატარა პატარა წერტილებში,რომლებიც კორონავირუსის ყალბი ტესტებით ვაჭრობდნენ.

ანგარიშში ნათქვამია, რომ მაგალითად შვეიცარიაში ბინების ქურდები ოჯახებში სანეპიდსადგურის თანამშრომლების სტატუსით შედიან დასაზვერად.

ანგარიშში საუბარია სამედიცინო აღჭურვილობის ქურდობისა და კონტრაბანდის გახშირებულ შემთხვევებზე, ასევე მოსახლეობის მოტყუების შემთხვევებზე, რომლებიც სახლში მოწყენილები სხედან კომპიუტერთან. ირანის, უკრაინის, აზერბაიჯანის ხელისუფლებებმა სამედიცინო ნიღბების და სადეზინფექციო ხსნარის კონტრაბანდის ფაქტები აღკვეთეს, იტალიის ზოგ რეგიონში კი კონტრაფაქტული ნიღბების კონფისკაცია მოხდა.

აშშ–ს გამოძიების ფედერალური ბიუროს ნიუ იორკელმა გამომძიებელმა, რიჩ ჯეიკობსმა, რომელიც კიბერდანაშაულის განყოფილებას ხელმძღვანელობს, ჟურნალ Forbes-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ინტერნეტ თაღლითების აფიორები პანდემიასთან დაკავშირებით ორ კატეგორიად იყოფა.

აფერისტები აცხადებენ, რომ აგროვებენ ფულს ნიღბებისა და ტესტირების საშუალებებისთვის, ან მოქალაქეებს მათ წარმოებაში ინვესტირებას სთავაზობენ.

მეორე კატეგორია კი “სუფთა კიბერშეტევებით“ არის დაკავებული. ისინი მოსახლეობისგან მოტყუების გზით პირადი მონაცემების გამოძალვას ცდილობენ და ყალბი ვებგვერდების საშუალებით მათ კომპიუტერებში შესაბამის  პროგრამებით აღწევენ.