პანდემიაც იყო მაგალითი, როგორ იდგა ივანიშვილი ყოველთვის თავის მოქალაქეებთან – გახარია

“პანდემიაც იყო მაგალითი, როგორ იდგა ივანიშვილი ყოველთვის თავის მოქალაქეებთან”-ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელმაც თქვა, რომ პოლიტიკიდან მიდის. ივანშვილმა ეს გადაწყვეტილება სწორედ პანდემიით დამძიმებული ეკონომიკური და ჯანდაცვის კრიზისის, ასევე პოლიტიკური კრიზისის ფონზე მიიღო.

“პანდემიაც იყო კიდევ ერთი მაგალითი იმის, როგორ იდგა ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის თავის მოსახლეობასთან და მოქალაქეებთან იქ, სადაც მოსახლეობას და მოქალაქეებს ყველაზე უფრო სჭირდებოდათ და მისი როლი პანდემიასთან გამკლავებაში რა თქმა უნდა, არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარება არის უაღრესად დიდი პასუხისმგებლობა იმ გუნდისთვის, რომელსაც ჩვენმა მოქალაქეებმა დაუჭირეს მხარი არჩევნების პირობებში და რომელიც შექმნა ბიძინა ივანიშვილმა.

გარდა ამისა, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ რვა წლის განმავლობაში იქნა მიღწეული და რასაც საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ მიაღწია, ეს გახლავთ აბსოლუტურად საპარლამენტო დემოკრატია, პროპორციული საარჩევნო სისტემით. ეს არის ის საფუძველი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის შემდგომ დემოკრატიულ განვითარებას და ესეც რა თქმა უნდა, ბატონი ბიძინას დამსახურებაა.”-