ამერიკელმა ეპიდემიოლოგმა დევიდ დოუდიმ კოვიდ-ვაქცინების სწრაფი შექმნა მთვარეზე ადამიანის დასმას შეადარა – სამეცნიერო, ჯანდაცვის და ლოჯისტიკური მიღწევების გამო. მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ კოვიდ-19-ის ვაქცინებმა 2021 წელს მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, ვაქცინების შექმნა შესაძლოა გაცილებით მნიშვნელოვანი, უფრო ეპოქალური მოვლენა იყოს.
„ვაქცინაციის პროგრამამ 10 მილიონზე მეტი ჰოსპიტალიზაციის პრევენცია უკვე შეძლო და მილიონ ასი ათასზე მეტი ამერიკელის სიცოცხლე იხსნა… ეს გახლავთ ვაქცინაციის ძალა“- ამბობს ჯეფ ზენცი, თეთრი სახლის კოორდინატორი კორონავირუსზე რეაგირების საკითხებში.
2021 წელს ცხადი გახდა, რომ ვაქცინა ჯადოსნური ჯოხი არ არის, რომელიც კოვიდ-19-ს ერთი ხელის მოსმით დაამარცხებს. აშკარაა, რომ ეს არ მოხდება იოლად და სწრაფად, მითუმეტეს რომ მოსახლეობის საკმაო ნაწილი, დეზინფორმაციის დამსახურებით, აცრაზე უარს ამბობს.
წლის ბოლოს, ამერიკამ კიდევ ერთი ტრაგიკული ზღვარი გადალახა. კოვიდ-19-ის გართულებებით გარდაცვლილთა რიცხვმა ქვეყანაში 800 000-ს გადააჭარბა. მათი სამი მეოთხედი 65 წელს გადაცილებული ადამიანია. ბოლო თვეებში გარდაცვლილთა შორის, 90 პროცენტზე მეტი აუცრელია.
მსოფლიოს ჯანდაცვის სისტემებს მნიშვნელოვან გამოწვევებს უქმნის წლის ბოლოს გამოჩენილი კიდევ ერთი ახალი ვარიანტი, ომიკრონი. მისი უპრეცედენტოდ სწრაფი გავრცელების ფონზე, ევროკავშირში მოელიან, რომ ომიკრონი უკვე იანვარში დომინანტური გახდება. ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, ომიკრონით ინფიცირება ყოველ ორ დღეში ორმაგდება.
ომიკრონი ამცირებს ორდოზიანი ვაქცინის ეფექტს, მაგრამ მწვავე დაავადების პრევენციის მხრივ, ის მაინც საგრძნობ როლს ასრულებს – ამბობს ექიმი ენტონი ფაუჩი, თეთრი სახლის უფროსი მრჩეველი მედიცინის საკითხებში. მისი თქმით, ადამიანის ორგანიზმისთვის საუკეთესო დაცვას დღეისთვის ვაქცინის დამატებითი, გამაძლიერებელი დოზა, ე.წ. ბუსტერი წარმოადგენს. „საბოლო ჯამში, ჩვენი ბუსტერი ომიკრონის წინააღმდეგ მუშაობს და ამ ეტაპზე სპეციფიკურ ვარიანტზე მორგებული ვაქცინის დამზადების საჭიროება არ არსებობს“ – აღნიშნავს ის.
მარია ვან კერხოვი, ეპიდემიოლოგი, რომელიც სათავეში უდგას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კოვიდ-19-ზე რეაგირების გუნდს, არ გამორიცხავს, რომ პანდემია მომავალ, 2022 წელს დასრულდეს კიდეც: „2022 არის ის წელი, როცა ჩვენ შეგვიძლია პანდემია დავამარცხოთ. ხელში ყველა საჭირო ინსტრუმენტი გვაქვს… დიახ, ომიკრონის გამოჩენა შემაშფოთებელია და კიდევ იქნება სხვებიც, თუ ვირუსის ცირკულაცია გაგრძელდება. მაგრამ ჩვენ მზად ვართ ამისთვის. 2022 წელს ძალიან იმედიანად შევყურებ“.
წელს წარმატებული ანტივირუსული სამკურნალო აბებიც გამოჩნდა, სულ ცოტა, ორი – „ფაიზერის“ და „მერკის“, რომლებიც პირველადი მონაცემებით, ასევე მნიშვნელოვნად ამცირებს კოვიდ-19-ის გართულებებით ჰოსპიტალიზაციას და სიკვდილობას. ეს კი პანდემიის ისტორიაში შესაძლოა გარდატეხის მომტანი მოვლენა გახდეს.