კორონავირუსის პანდემიის ფონზე ამერიკის შეერთებულ შტატებში მხოლოდ გასულ კვირას უმუშევარი დარჩა 6.6 მილიონი ამერიკელი. ამ მონაცემების გათვალისწინებით, შრომის სამინისტრომ ხუთშაბათს განაცხადა, რომ უმუშევრობის შემწეობაზე განაცხადების რაოდენობამ ბოლო 3 კვირაში 10 მილიონს გადააჭარბა.
მარტის ბოლოს პრეზიდენტმა ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ითვალისწინებს მოქალაქეებისთვის ხელფასების ანაზღაურების პროგრამას ჯამში 349 მილიარდი დოლარის ოდენობით. აუცილებელი დახმარება მილიონობით მცირე მეწარმეს მიეცემა, რომლებიც შეძლებენ საკუთარი ბიზნესი გადაარჩინონ და თანამშრომლები უმუშევრად არ დატოვონ. თუმცა ეს რიგით მოქალაქეებს ნაკლებად ამშვიდებს.
მათი ნაწილი წუხს, რომ ბინის იჯარის გადახდას ვერ შეძლებს და უსახლკაროდ დარჩება. მცირე მეწარმეები შიშობენ, რომ ფართების იჯარას და კომუნალურებსაც ვეღარ დაფარავენ.
კარანტინისა და თვითიზოლაციის პირობებში ამჟამად ამერიკელების 80% იმყოფება. ეკონომისტები შიშობენ, რომ კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის გამო ზაფხულისთვის მუდმივი სამუშაოს გარეშე 20–დან 45 მილიონამდე ამერიკელი დარჩება.