დამოუკიდებელ ექსპერტთა კომისიამ, რომელიც ჯანმოს ინიციატივით შეიქმნა, დაასკვნა, რომ კორონავირუსის პანდემიის აღკვეთა შესაძლებელი იყო.
სპეციალისტების თქმით, ჯანმოს და მსოფლიოს ქვეყნების მთავრობების ქმედებები “შხამიან კოქტეილად“ იქცა, რომლებმაც ამჟამინდელი სიტუაცია გამოიწვია.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ჯანმოს ბევრად ადრე უნდა გამოეცხადებინა გლობალური მაშტაბის განგაში. ანგარიში ასევე შეიცავს გაფრთხილებას, რომ სასწრაფო ცვლილებების გარეშე მსოფლიოს ინფექციის ახალი, სერიოზული აფეთქება ემუქრება.
კორონავირუსით ამ დროისვის 3.3 მილიონზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი.
იმ დროს, როცა აშშ და ევროპა თანდათანობით შეზღუდვებს აუქმებენ და ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდებიან, აზიის რიგ ქვეყნებში კვლავ მძვინვარებს ვირუსი.
განსაკუთრებით მძიმე დღეშია ინდოეთი, რომელიც სამწუხარო რეკორდებს ამყარებს ახალ დაინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით. სიტუაცია უარესდება მის მეზობელ ქვეყნებშიც, მაგალითად ნეპალში.
რა წერია კომისიის დასკვნაში კონკრეტულად
“Covid-19: როგორ ვაქციოთ ეს პანდემია უკანასკნელად“ – ეს არის დამოუკიდებელი კომისიის მიერ შედგენილი დასკვნის სათაური, რომელიც პანდემიისთვის მზადყოფნისა და საპასუხო ზომების შესაფასებლად შეიქმნა. ანგარიშის მიზანი იყო მოეძებნათ პასუხი კითხვაზე, როგორ შეიძლებოდა ამ ვირუსით ამდენი ადამიანი დაღუპულიყო, კიდევ 159 მილიონი კი დაინფიცირებულიყო.
“სიტუაცია, რომელშიც დღეს ჩვენ აღმოვჩნდით, შეიძლებოდა თავიდან აგვერიდებინა. მაგრამ ეს არ მოხდა მრავალი შეცდომების, დაგვიანებების და ხარვეზების გამო, რაც შეეხებოდა მზადყოფნას და საპასუხო ზომებს“ – განაცხადა ლიბერიის ყოფილმა პრეზიდენტმა, კომისიის თავმჯდომარემ ელენ ჯონსონ–სერლიფმა.
კომისიამ ჩათვალა, რომ ჯანმოს საგანგებო სიტუაციების კომიტეტს ჩინეთში ინფექციის აფეთქება მსოფლიო მაშტაბის საგანგებო სიტუაციად ერთი კვირით ადრე უნდა გამოეცხადებინა, ვიდრე ეს რეალობაში მოხდა.
ეს კომიტეტის გასული წლის 22 იანვრის სხდომაზევე უნდა მომხდარიყო და არა 30 იანვარს – ნათქვამია ანგარიშში.
შემდგომში კი, საგანგებო სიტუაციის გამოცხადების შემდეგ მთელი ერთი თვე დაიკარგა, რადგან ქვეყნებმა ვერ შეძლეს ადკვატური ზომები მიეღოთ ვირუსის გავრცელების შესჩერებლად.
შემდეგ კი, როგორც კომისიის წევრები ამტკიცებენ, ჯანმოს ხელი მისმავე წესებმა შეუშალა, რომელთა მიხედვით გადაადგილების შეზღუდვა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა იქნას შემოღებული.
ამგვარად, აშშ–მ და ევროპამ მთელი თებერვალი დაკარგეს და მოქმედება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყეს, რაც საავადმყოფოები დაინფიცირებულებით გაივსო.
ანგარიშში ნათქვამია, რომ საკუთარი ჯანდაცვის სისტემების პაციენტების ნაკადისთვის მომზადების ნაცვლად ქვეყნების უმეტესობამ ბრძოლა დაიწყო ინდივიდუალური დაცვის საშუალებებსა და წამლებზე უპირატესი წვდომისთვის.
დასკვნის ავტორები შეჯამებაში იძლევიან რჩევას, რომ უნდა ჩატარდეს საკვანძო რეფორმები, რაც აუცილებელია ახალი კატასტროფული პანდემიის თავიდან ასაცილებლად:
- შეიქმნას გლობალური საფრთხეების ახალი საბჭო, რომელსაც უფლება ექნება ქვეყნებს მოუწოდოს ადეკვატური პასუხისკენ.
- ინფექციების მეთვალყურეობის სისტემის შექმნა, რომელიც გამოაქვეყნებს რელევანტურ ინფორმაციას იმ ქვეყნების სავალდებულო მოწონების გარეშე,რომლებსაც ეხება საუბარი.
- ვაქცინების, როგორც პირველადი აუცილებლობის პროდუქტების კლასიფიკაცა და პანდემიის შემთხვევაში დაფინანსების ინსტიტუტის შექმნა.
- დიდი შვიდეულის ქვეყნებისადმი სასწრაფო მოთხოვნის წაყენება გამოყონ 1.9 მილიარდი დოლარი ჯანმოს პროგრამა COVAX–სთვის, რომელიც განკუთვნილი იქნება დაბალშემოსავლიანი ქვეყნების ვაქცინაციაში დასახმერაბლად.
კომისიის კიდევ ერთი თანათავმჯდომარე, ახალი ზელანდიის ყოფილი პრემიერ მინისტრი, ჰელენ კლარკი ხაზს უსვამს, რომ სასიცოცხლოდ აუცილებელია ჯანმოს დამატებითი უფლებამოსილებები მიენიჭოს.
“გადაადგილების შეზღუდვები უფრო სწრაფად და ფართოდ რომ შემოეღოთ, ეს არსებითად დაამუხრუჭებდა ინფექციის სწრაფ გავრცელებას, და ეს მტკიცება დღესაც აქტუალურია“– ამბობს ის.
ყველაზე თვალშისაცემი ამ დასკვნაში პანდემიის “21–ე საუკუნის ჩერნობილად მოხსენიება“ და მტკიცებაა, რომ 2020 წლის თებერვალში, სანამ ინფექცია ვრცელდებოდა, მთელმა მსოფლიომ ტყუილად დაკარგა ერთი თვე.
ექსპრეტები ისეთი სტრუქტურების და მექანიზმების შექმნის მოწოდებით გამოდიან, რომლებიც მომავალში ძლიერ გადამდები ინფექციის უკეთ გამოვლენას უზრუნველყოფს.
ისინი ასევე ამბობენ, რომ ჯანმო უკეთ უნდა ფინანსდებოდეს, რათა უფრო ძლიერი იყოს და დიდ უფლებამოსილებებს ფლობდეს.