ნელა, მაგრამ სტაბილურად ჩინეთი პანდემიით გამოწვეულ დანაკარგებს ინაზღაურებს. ჩინეთის ნაციონალური სტატისტიკური ბიუროს მონაცემებით მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკა იანვრიდან სექტემბრამდე 0.7%–ით გაიზარდა.
ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ მესამე კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.9% შეადგინა.
ბიუროს პრესმდივანი, ლიუ აიჰუა აცხადებს, რომ ჩინეთის შიდა ეკონომიკის აღდგენის და მოთხოვნის გაზრდის პარალელურად იზრდება იმპორტიც. მისი თქმით, ეს ზრდა დადებითია არა მხოლოდ საკუთარი ზრდის სტიმულირების თვალსაზრისით, არამედ მთლიანად მსოფლიო ეკონომიკისთვისაც.
ჩინეთის ეკონომიკის აღდგენა ძირითადად საცალო გაყიდვების, მრეწველობის და სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ზრდის ხარჯზე ხდება. თუმცა, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ზოგიერთ სექტორში მაჩვენებლები კრზისამდელ პერიოდს ბევრად ჩამორჩება. გარდა ამისა, შეიძლება ჩინეთის ეკონომიკაზე აშშ–ს და ევროკავშირის მიერ შემოღებული შეზღუდვებიც აისახოს.
თუმცა, არ არის გამორიცხული სწორედ ჩინეთი აღმოჩნდეს მსოფლიოში ერთადერთი ეკონომიკა, რომელიც წელს ზრდას აჩვენებს.