მისი თქმით, არც ერთ პროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიას ლეგიტიმურობის და სამართლებრივი თვალსაზრისით კითხვები არ ჰქონია და მათი შენიშივნა იყო, რომ არ მომხდარიყო კანონის მორგება დღეს არსებულ ვითარებაზე. პაპუაშვილის თქმით, პროექტთან დაკავშირებით, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვას ეხება, ვენეციის კომისიას ჰქონდა რეკომენდაცია, რომ მომხდარიყო პირველივე ჯერზე არა პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნა, არამედ მაგალითად, ფინანსური სანქციის დაკისრება პარტიისთვის.
„ამასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიამ თქვა, რომ სამართლებრივი კუთხით და ასეთი რეგულაციის ლეგიტიმურობის კუთხით არ არის კითხვის ნიშანი. მათ ჰქონდათ წუხილი და ზეპირი მოსმენის დროსაც თქვეს ამასთან დაკავშირებით, რომ გამომდინარე არსებული სიტუაციიდან, რაც პოლიტიკური კუთხით გვაქვს საქართველოში, როცა ოპოზიციური პარტიების ნაწილი პარლამენტში არ შემოდის, არ მოხდეს ინსტრუმენტალიზება კანონის და დღევანდელ სიტუაციაზე მორგება და გამოყენება ამ პარტიების წინააღმდეგ, ეს იყო შენიშვნა და მეორე შენიშვნა იყო, ხომ არ არის ზედმეტად მკაცრი პირველივე შემთხვევაში პარტიის რეგისტრაციიდან მოხსნა. ჩვენ ამასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს გავეცანით და ამ რეკომენდაციებიდან გამომდინარე გავაგრძელებთ ამ პროექტზე მუშაობას. არის შესაძლებლობა, რომ ეს იყოს ეტაპობრივი, ჯერ იყოს ვთქვათ ჯარიმა და ა.შ. დასკვნაშიც არის მითითებული, რომ შესაძლებელია იყოს უფრო მკაცრი სანქცია ორგანიზაციის ან პარტიის წინააღმდეგ, მაგალითად, ფინანსური სანქციები უფრო გამკაცრდეს, ასე რომ ამ პროექტზე მუშაობას გავაგრძელებთ და გავითვალისწინებთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს,”- აცხადებს პაპუაშვილი.
შეგახსენებთ,რომ ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის დასკვნაში აღნიშნულია, რომ პოლიტიკური პარტიების და არა ცალკეული დეპუტატების სანქცირება დაფინანსების 6 თვით შეწყვეტის სახით იმ შემთხვევაში, თუ ისინი საპარლამენტო სხდომებისა და სესიების დიდ ნაწილს არ დაესწრებიან, არაპროპორციულად აღიქმება და წინააღმდეგობაში მოდის პარლამენტის რეგლამენტთან.