საპარლამენტო ოპოზიცია მხარს არ უჭერს 31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას. მათი თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ კომისიის მუშაობის აზრს ვერ ხედავენ.
უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საზოგადოება 6 თვის განმავლობაში ისმენდა, რომ არჩევნები გაყალბდა. მისივე თქმით, ამ კამპანიაზე ამნისტია უნდა გამოცხადდეს და აღარავინ თქვას, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა.
“6 თვე ეს საზოგადოება ისმენდა ერთი და იგივე ნარატივს – ტოტალურად გაყალბებული, მერე გაყალბებული, მერე იყო ცოტა გაყალბებული, ახლა საერთოდ ვერ ვხვდები, რაზე არის საუბარი. ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ უნდა გამოცხადდეს ამნისტია იმ 6–თვიან კამპანიაზე, რომელიც იყო ე.წ. ტოტალურ გაყალბებაზე დაფუძნებული.
ესაც არის შესაძლებლობა, ამაზე უნდა ვიმსჯელოთ, რომ ამნისტია გამოვაცხადოთ და წინ გავიხედოთ. თუმცა ამასაც ერთი პირობა უნდა ჰქონდეს ალბათ, რომ შეწყდეს! დღეის იქით მაინც არავინ არასდოს აღარ ახსენოს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები რომ გაყალბდა. ეს იქნება ალბათ სამართლიანი პირობა ამნისტიის გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით”,– თქვა პაპუაშვილმა.