ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ჩინოსანი, რომელის, მათი შეფასებით, დამახინჯებულ ინფორმაციას აწვდის სტრატეგიულ პარტნიორს” ქართველი არაა”.
ის არ აკონკრეტებს, გულისხმობენ თუ არა აშშ-ს ელჩს კელო დეგნანს.
“რა თქმა უნდა ქართველი ჩინოსანი არ იგულისხმება, სხვა შემთხვევაში ის ჩვენი გუნდის წევრი იქნებოდა. ჩვენ თავს ვიკავებთ დაკონკრეტებისგან, ჩვენს პარტნიორებს ეხება ეს საკითხი, ეხება მათ იერარქიას და არ გვინდა, რაიმე რეპუტაციული ზიანი მივაყენოთ.
რაც შეეხება, შიდა იერარქიებს, თუ როგორ ხდება ინფორმაციების მიწოდება დამახინჯებით, თუ დამახინჯების გარეშე, კონკრეტიკა არ გვინდა. თუმცა, ჩვენი აღქმა არის, რომ დამახინჯებით აქვთ ინფორმაცია მიწოდებული. ვფიქრობთ, რომ ეს არის არაკეთილსინდისიერი ქცევა”, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს ქართული ოცნების ლიდერებმა ამერიკის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს კრიტიკაზე უპასუხეს. მათი მტკიცებით, მმართველი პარტია 19 აპრილის შეთანხმებას ასრულებს, თუმცა კონკრეტული ჩინოსანი მათ დამახინჯებულ ინფორმაციას აწვდის.