პაპუაშვილი ენმ-სა და ევროპულ საქართველოზე: ან ხელს მოაწერენ, ან მარგინალიზდებიან

ქართული ოცნების წევრი შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ შეთანხმებაზე ხელის არმოწერით “გაცხადდა”, რომ ენმ და ევროპული საქართველო მოლაპარაკებებს შლიდნენ.

“არა არს დაფარული, რომ არ გაცხადდეს”. გუშინ გაცხადდა ის, რასაც აქამდეც ვამბობდით. ამ ექვსი თვის განმავლობაში “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” იყო ის პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ყველა ხერხით შლიდა შეთანხმებას. მათი ერთადერთი მიზანი აბსოლუტური ძალაუფლებაა. მათი ერთადერთი გზა – არეულობა, სიძულვილი, ნერვების თამაში, განსხვავებული აზრის მქონეთა გარიყვა”,– წერს პაპუაშვილი.

მისივე შეფასებით, ხელმომწერები ევროპულ გზაზე დგანან, ხოლო არმომწერები – რუსულ გზაზე.

“არ დაგვავიწყდეს, ეს ის ძალაა, რომელიც ახალ, საკუთარ გემოვნებაზე მორგებულ (“პრონწკულ”) ელიტას ქმნიდა და ახალი ქართველის გამოყვანას ლამობდა.

გუშინ, ჩვენ კარგად დავინახეთ, რა გველოდა, მათ რომ ეს საქმე ბოლომდე მიეყვანათ.
გუშინ ვნახეთ, ვინ იყო ევროპული საბჭოს პრეზიდენთან ერთად საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში (ევროპულ გზაზე) და ვინ იჯდა საკუთარ ოფისში საკუთარი ბოღმისგან დაბრმავებული (რუსულ გზაზე). ამ ჯერზე, მათ შეთანხმების ჩაშლის ყველა გზა ჩაეკეტათ. ამიტომ სხვა გამოსავალი მათ არ აქვთ.

ან აღიარებენ საკუთარ მარცხს და ხელს მოაწერენ ამ შეთანხმებას, ან საბოლოოდ მარგინალიზდებიან”,– წერია პაპუაშვილის განცხადებაში.