პაპუაშვილი: ოპოზიციამ ბოდიში უნდა მოუხადოს თამარ ჟვანიას

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი შალვა პაპუაშვილი “იმედთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ოპოზიციას და სადამკვირვებლო ორგანიზაციების ცესკოს თავმჯდომარესთან, თამარ ჟვანიასთან ბოდიში აქვთ მოსახდელი.

მისი თქმით, ამის შემდეგ გადაწყვეტს ის, დატოვებს თანამდებობას თუ არა.

იმედი მაქვს, ამ მოწოდებას ჩემი ოპონენტები გაიზიარებენ. პირველ რიგში, მათ ბოდიში უნდა მოუხადონ თამარ ჟვანიას და შემდეგ თამარ ჟვანია გადაწყვეტს, უნდა მას წასვლა, თუ არა. ბოდიში მოსახდელი აქვს ბევრს ამ ქვეყანაში თამარ ჟვანიასთან, მათ შორის ოპოზიციას, სამართლიან არჩევნებს და სხვებს, ვინც დააბრალა მას და ცესკო-ს ისეთი რაღაცები, რომელიც საბოლოო ჯამში, ვერანაირად ვერ დაამტკიცეს.

ბოდიშს თუ არ მოიხდიან, მინიმუმ, ის გამბედაობა მაინც ჰქონდეთ, რომ მივიდნენ და ჰკითხონ, რა გადაიტანა ამ ქალმა იმ დღეებში, არჩევნების შემდეგ, რა დონის შეტევა იყო მის მიმართ, პიროვნულად. ასე, რომ მინიმუმ ის მაინც მოიკითხონ, რას გრძნობდა ეს ადამიანი იმ დღეების განმავლობაში”,– თქვა პაპუაშვილმა.