სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა კონსილიუმის ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მორიგი დასკვნა გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“2021 წლის 12 დეკემბერს სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექსპერტთა/სპეციალისტთა ჯგუფმა რიგით მეოთხე ვიზიტი განახორციელა პაციენტ (ბრალდებულ/მსჯავრდებულ) მიხეილ სააკაშვილთან. პაციენტი მოთავსებულია სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში 2021 წლის 19 ნოემბრიდან.
ვიზიტში მონაწილეობა მიიღეს ექსპერტებმა: აიდა გოზალოვამ, თენგიზ წულაძემ, გიორგი კაჭარავამ, ნინო ზავრაშვილმა, გრიგოლი ხურციძემ, გიორგი პაპიაშვილმა, გიორგი გრიგოლიამ და მარინე კურატაშვილმა. ექსპერტებმა მოინახულეს მიხეილ სააკაშვილი, შეაფასეს მისი სამედიცინო მდგომარეობა ადგილზე, ესაუბრნენ ექიმებს და გაეცნენ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემებს. ხაზგასასმელია ჰოსპიტალის სამედიცინო პერსონალის სრულფასოვანი თანამშრომლობის მზაობა.
ვიზიტის შემდეგ ექსპერტთა ჯგუფმა ონლაინ დისკუსია გამართა, რომელშიც მონაწილეობა ასევე მიიღო ექსპერტმა მამუკა მაჩაიძემ.
პაციენტის მდგომარეობის ზოგადი შეფასება
პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა.
ძირითადი საყურადღებო საკითხები
ამ ეტაპზე გამოხატულია შემდეგი ძირითადი პრობლემები:
- ნევროლოგიური სიმპტომატიკა, კერძოდ მზერის პარეზი, წონასწორობის დარღვევა, ზოგადი სისუსტე
- პოსტტრავმული სტრესული აშლილობისა და ზომიერად/მძიმედ გამოხატული დეპრესიული აშლილობის კლინიკური ნიშნები
- ანემია
- რიგ მედიკამენტებთან, მათ შორის ფსიქოტროპულ მედიკამენტებთან დაკავშირებით გამოვლინდა უფრო ოპტიმალური დანიშნულების საჭიროება
- პოსტტრავმული სტრესული აშლილობისა და ზომიერად/მძიმედ გამოხატული დეპრესიის მიუხედავად, პაციენტს დღემდე არ უტარდება ფსიქოთერაპია.
სომატური თვალსაზრისით პაციენტის მდგომარეობა, მკურნალობის მიმდინარეობის ფონზე, მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელია. თუმცა, ექსპერტთა ჯგუფი წარმოადგენს დამატებით რეკომენდაციებს, რაც დეტალურად დანართში იქნება განხილული.
საყურადღებოა, რომ ფსიქოთერაპიის ჩატარების შესახებ რეკომენდაცია ექსპერტთა ჯგუფმა ჯერ კიდევ 25 ნოემბრის დასკვნით გასცა, რაც ამ დრომდე არ შესრულებულა. ექსპერტთა ჯგუფს ამ მიმართულებით არსებული ფარმაკოლოგიური მკურნალობის მხრივაც გააჩნია გარკვეული სახის შენიშვნები, რომელიც ასევე დანართში იქნება წარმოდგენილი.
არასაკმარისი სიმძლავრით მიმდინარეობს ფიზიკური რეაბილიტაცია. ექსპერტთა ჯგუფი მიიჩნევს, რომ მკურნალობის ამ რგოლს შესაძლოა ხელი შეუწყოს ფსიქოთერაპიის დროულმა დაწყებამ.
რეკომენდაციები:
პაციენტის მკურნალობისა და სრულფასოვანი რეაბილიტაციის მიზნით ექსპერტთა ჯგუფი მიიჩნევს, რომ აუცილებელია:
- პოსტტრავმული სტრესული აშლილობისა და ზომიერად/მძიმედ გამოხატული დეპრესიის მკურნალობის მიზნით, შესაბამისი ფსიქოთერაპიული ჩარევა
- ფსიქოთერაპიული ჩარევების, მოცულობისა და მეთოდების განსაზღვრის მიზნით, ჩატარდეს შესაბამისი დამატებითი კვლევები ამ სფეროს (მათ შორის, ფსიქოტრავმის სპეციალისტების) პროფესიონალების ჩართულობით
- ფიზიკური რეაბილიტაცია
- ფარმაკოლოგიური მკურნალობის კორექცია დანართში მოცემული დეტალური რეკომენდაციების შესაბამისად
სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის წევრები:
- გიორგი გრიგოლია
- გრიგოლი ხურციძე
- გიორგი კაჭარავა
- გიორგი პაპიაშვილი
- აიდა გოზალოვა
- თენგიზ წულაძე
- ნინო ზავრაშვილი
- მარინე კურატაშვილი
- მამუკა მაჩაიძე