პარიზის სააპელაციო სასამართლომ ექს-პრეზიდენტი სარკოზი დამნაშავედ ცნო და 6 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა

ოთხშაბათს პარიზის სააპელაციო სასამართლომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დამნაშავედ ცნო 2012 წლის საარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსებაში და მხარი დაუჭირა ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

სარკოზის 2021 წელს, როდესაც ის პირველად ცნეს დამნაშავედ , ერთწლიანი მიუსაჯეს, მაგრამ ეს სასჯელი შეჩერდა, სანამ მისი გასაჩივრება მიმდინარეობდა.

სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა, მაგრამ ყოფილ პრეზიდენტს მხოლოდ ექვსთვიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასჯელის მეორე ნახევრის – 6 თვის მოხდა მას შინაპატიმრობაში, ელექტრონული სამაჯურით შეუძლია.

2007-დან 2012 წლებში სარკოზის ხელისუფლებაში ყოფნის ერთადერთი ვადის ამოწურვის შემდეგ ის მთელი რიგი სამართლებრივი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა: მას ბრალი წაუყენეს კორუფციაში, მექრთამეობაში, საარჩევნო კამპანიის საქმეებში ჩარევაში და კამპანიის დაფინანსების წესების დარღვევაში.

2021 წელს, 69 წლის სარკოზის ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა იმ ბრალდებით მიესაჯა,რომ მისი პარტია თანამშრომლობდა პიარ კომპანია Bygmalion-თან, რათა დაემალა რეალური ხარჯები, რაც 2012 წელს სარკოზის მეორე ვადით არჩევასის მცდელობასთან იყო დაკავშირებული.პროკურორებმა განაცხადეს, რომ სარკოზიმ 2012 წლის საარჩევნო კამპანიაზე თითქმის 43 მილიონი ევრო დახარჯა, რაც თითქმის ორჯერ მეტია დაშვებულ 22,5 მილიონ ევროზე.საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი უარყოფს ყველა ბრალდებას და ამბობს, რომ კომპანია Bygmalion მის ზურგს უკან გამდიდრდა.

სარკოზი გახდა საფრანგეთის პირველი პრეზიდენტი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რომელსაც რეალური და არა პირობითი პატიმრობა მიესაჯა.

თუმცა, სანამ ყველა აპელაცია არ დასრულდება, სარკოზი თავისუფლებაში რჩება.

საფრანგეთს საარჩევნო კამპანიის ხარჯებზე მკაცრი შეზღუდვები აქვს.

კიდევ 13 ადამიანი – მათ შორის სარკოზის პარტიის წევრები, ბუღალტერები და ბიგმალიონის აღმასრულებლები – დამნაშავედ ცნეს ბრალდებებში, გაყალბებიდან და თაღლითობიდან დაწყებული კამპანიის უკანონო დაფინანსებაში თანამონაწილეობით დამთავრებული.

სააპელაცი პროცესი გასული წლის ნოემბერში დაიწყო. მანამდე სარკოზიმ წააგო აპელაცია 2021 წლის მარტში კორუფციისა და მოსამართლის მოსყიდვის მცდელობის ბრალდების საქმეში. მას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, აქედან 2 წელი პირობითი პატიმრობა.

2021 წელს სასამართლომ სარკოზის სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა 2014 წლის ე.წ. მოსმენების საქმეზე, მაშინ ის და მისი ადვოკატი ტიერი ჰერცოგი დამნაშავედ ცნეს პროკურორ ჟილბერ აზიბერტისაგან სხვა საქმის გამოძიების შესახებ ინფორმაციის უკანონო მოპოვების მცდელობაში – საუბარია 2007 წლის საპრეზიდენტო კამპანიის სავარაუდო უკანონო დაფინანსების საქმეზე L’Oreal-ის დამფუძნებლის, ლილიან ბეტანკურის ქალიშვილის მიერ.

გამომძიებლების თქმით, სარკოზი და ერცოგი აზიბერტს ინფორმაციის სანაცვლოდ მონაკოში თანამდებობას დაჰპირდნენ, მაგრამ ეს დაპირება არ შეასრულეს. თუმცა, პროკურატურამ ეს ეპიზოდი კორუფციის გამოვლინებად მიიჩნია.

სარკოზის სასამართლო პროცესი 2025 წელს ემუქრება იმის ბრალდებით, რომ მან მიიღო ფული გარდაცვლილი ლიბიის დიქტატორის მუამარ კადაფისგან მისი 2007 წლის საპრეზიდენტო კამპანიის უკანონოდ დასაფინანსებლად, რომელმაც ის ელისეის სასახლეში მიიყვანა.

როგორც პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი ატარებდა მკაცრ ანტიიმიგრაციულ პოლიტიკას და ცდილობდა საფრანგეთის ეკონომიკის რეფორმირებას, რომელიც დიდად დაზარალდა გლობალური ფინანსური კრიზისისგან.

სარკოზი ინარჩუნებს ურთიერთობას პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და ფრანგული მედია ამბობს, რომ მათ არაერთხელ ისადილეს ერთად პოლიტიკაზე სასაუბროდ.