საფრანგეთის დედაქალაქის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ პარიზში ანტიტერორისტულმა პოლიციელებმა ბურკაში გამოწყობილ ქალს ცეცხლი გაუხსნეს, რომელიც მატარებლის მგზავრებს ემუქრებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალმა პოლიციის მოთხოვნების შესრულებაზე უარი თქვა. მის მიმართ 8 გასროლა მოხდა და ქალი დაიჭრა.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, ქალი შეიარაღებული არ იყო.
განგაში სამგზავრო მატარებლის მგზავრებმა პარიზის მე-13 ოლქში გამოაცხადეს. საქმეში პოლიცია ფრანსუა მიტერანის ბიბლიოთეკის სადგურზე ჩაერია..
კონკრეტულად როგორ დაემუქრა ქალი მგზავრებს, უცნობია, მაგრამ ცნობილია, რომ ის ყვიროდა „ალაჰ აკბარ“ (ანუ „ალაჰი დიდია!“).
პოლიციის ცნობით, ოფიცრებს შეეშინდათ მათი და მგზავრების უსაფრთხოების გამო, და ამიტომ ქალს ცეცხლი გაუხსნეს. ქალს ჭრილობა მუცელში აქვს მიყენებული და ახლა მძიმე, მაგრამ სტაბილურ მდგომარეობაშია საავადმყოფოში, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა.
პარიზის პრეფექტის, ლორან ნუნესის თქმით, ეს შეიძლება იყოს იგივე ქალი, რომელიც 2021 წელს უკვე დაემუქრა უსაფრთხოების ძალებს, რომლებიც იცავენ მნიშვნელოვან ობიექტებს შესაძლო ტერორისტული თავდასხმებისგან.
შემდეგ ეს ქალი ფსიქიკური მდგომარეობის გამო გარკვეული დროით იზოლირებული იყო.
როგორც მთავრობის სპიკერმა ოლივიე ვერანმა აღნიშნა, პოლიციელებს, რომლებმაც ეჭვმიტანილს ესროდნენ, დამაგრებული ჰქონდათ ვიდეოკამერები, რაც ხელს შეუწყობს ინციდენტის ზუსტი გარემოებების გარკვევას, რაზეც ერთდროულად ორი გამოძიება დაიწყო. ერთი ეხება თავად ეჭვმიტანილის ქმედებებს, მეორე გამიზნულია იმის გასარკვევად, თუ რამდენად გამართლებული იყო იარაღის გამოყენება.
ინციდენტი მოხდა საფრანგეთში დაძაბულობის ფონზე, რომელიც ისრაელსა და ჰამასს შორის ომით არის გამოწვეული.
ამ თვის დასაწყისში ქვეყნის სამხრეთით სკოლის მასწავლებელი მოკლეს და ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა, თავდამსხმელი ასევე ყვიროდა „ალაჰ აკბარ“. ამ ინციდენტის შემდეგ საფრანგეთში ანტიტერორისტული განგაშის უმაღლესი დონე შემოიღეს.
საფრანგეთის ხელისუფლება შეშფოთებულია ქვეყანაში ანტისემიტიზმის ზრდის გამო
ბოლო დღეებში ასევე მოხდა რამდენიმე ანტისემიტური ინციდენტი პარიზში და მის გარშემო. ზოგიერთ რაიონში დავითის ვარსკვლავები კედლებზეა დახატული, როგორც ეს ერთ დროს ნაცისტურ გერმანიაში იყო.
ზოგადად, შინაგან საქმეთა მინისტრის ჯერალდ დარმანინის თქმით, 7 ოქტომბრიდან, როცა ჰამასმა ისრაელზე თავდასხმა დაიწყო, 850-ზე მეტი ასეთი აქტი დაფიქსირდა.
„ვტირი, რადგან ისევ ვხედავ იმავე სიძულვილს, რომლითაც ბავშვობაში გვეპყრობოდნენ და ამის გაგება არ შემიძლია“, განუცხადა BFMTV-ს იმ სახლის ერთ-ერთმა მცხოვრებმა, სადაც დავითის ვარსკვლავი გამოჩნდა.
როგორც ამ ტელეარხის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, ანტისემიტური გამოხტომები ქვეყნის მოსახლეობის 83%-ს აშფოთებს.
პარიზის ერთ-ერთი ჩრდილოეთ გარეუბნის მერმა, კარიმ ბუმრანმა მოითხოვა „ანტისემიტური და რასისტული“ გრაფიტის ავტორების კანონის სრული სიმკაცრით დასჯა.
პარიზის მერის მოადგილემ, ემანუელ გრეგუარმა განაცხადა, რომ კედლებზე დახატული დავითის ყველა ვარსკვლავი გადაიღებება და ამ ინციდენტებზე გამოძიება ჩატარდება.