“თქვენ დღეს ქართული პოლიციის სახელით ჩადიხართ უკანონო ქმედებას “- მოძრაობა “ხალხისთვის” ლიდერი, ანა დოლიძე დღეს პარლამენტთან პეტიციით მივიდა. ანა დოლიძესა და პოლიციელებს შორის მცირე შელაპარაკება მოხდა.
“თქვენ დღეს ქართული პოლიციის სახელით ჩადიხართ უკანონო ქმედებას და ძალიან ვწუხვარ იმ ათიათასობით პოლიციელზე, რომელთაც უწევთ თქვენთან ერთად მუშაობა. პირველად ვნახე ეს სკოჩოფობია, ანუ დროებით შენობაზე პეტიციის გამოკვრის ასეთი პანიკური შიში”, – მიმართა დოლიძემ პოლიციელებს.
ანა დოლიძე პარლამენტთან იმ სტუდენტებთან ერთად მივიდა, ვისაც სწავლის სტატუსი აქვთ შეჩერებული.
“ქართული ოცნების პარლამენტარები დღეს იღებენ ხელფასს, ხალხის ფულს, შესაბამისად, ისინი ვალდებულნი არიან კი არ ამოეფარნონ ამ რაღაც ვითომ რაუნდებს, იმუშავონ ხალხისთვის. უმწვავესი პრობლემა არის ის 75 000 ახალგაზრდა, რომელიც დარჩა განათლების უფლების გარეშე. განათლების კომიტეტი, რომელიც იღებს ხელფასს ჩვენი გადასახადებიდან, ვალდებულია, იფიქროს როგორ გაუნახევროს ან გააუქმოს გადასახადი ამ 75 000 პირს” – აცხადებს ანა დოლიძე.