პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების და მათი მხარდამჭერების აქცია იწყება. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია უკვე სავსეა მანიფესტანტებით, გადაკეტილია გზაც.
აქციას ადამიანები სხვადასხვა რეგიონებიდანაც უერთდებიან.
ცნობისთვის, ოპოზიცია გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებს და ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვს.
აბსოლუტურად ყველა ოპოზიციური პარტია, რომელმაც 1%–იანი ბარიერი გადალახა, პარლამენტს მოიკოტს უცხადებს.
რას ეფუძნება ოპოზიციის პროტესტი?
ცესკოს მონაცემებით, ქართულმა ოცნებამ საპარლამენტო არჩევნებში ხმების 48.23% მიიღო, სამართლიანი არჩევნების პარალელური დათვლით კი – 45.8%. ISFED–ის ანგარიშით ირკვევა, რომ საარჩევნო უბნების 8%-ზე გამოვლინდა შემაჯამებელი ოქმების დისბალანსის შემთხვევები, რასაც, შესაძლოა შედეგზე გავლენა კიდევ 4.1%–ით მოეხდინა. ოპოზიციის მტკიცებით, ქართულმა ოცნებამ სწორედ ის რამდენიმე პროცენტი გააყალბა, რომლითაც პირველივე ტურში გადაწყდებოდა, ოპოზიცია დააკომპლექტებდა მთავრობას, თუ ქართული ოცნება.
გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტის” დათვლით, 3 791-დან 930 უბნის ოქმში (26%) რიცხვები არასწორადაა დათვლილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ოქმებში ხმათა რაოდენობა, ბათილი ბიულეტენების მაჩვენებელი და არჩევნებზე მისულთა საერთო რაოდენობა ერთმანეთს ვერ ემთხვევა.
მათივე დათვლებით, უბნებზე დაწერეს 93 შესწორების ისეთი ოქმი, რომელიც მთავარ შემაჯამებელ ოქმს მაინც ვერ აბალანსებს. გარდა ამისა, შესწორების გარეშეა დარჩენილი 837 ოქმი, რომელშიც რიცხვები არ ჯამდება.
სამოქალაქო პლატფორმა 2020–ის ინფორმაციით, 31 ოქტომბრის არჩევნებზე გაბათილდა 146 192 ბიულეტენი, რაც უპრეცენდენტოდ მაღალი რაოდენობაა.
ევროპული საქართველოს გამოქვეყნებული მონაცემებით, ამ არჩევნებზე ყუთში 8404 ცარიელი ბიულეტენი ჩააგდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მმართველი პარტია ე.წ. კარუსელს ატრიალებდა.
საერთაშორისო ორგანიზაციები ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებენ, საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად კანონიერი გზებით იბრძოლონ. ამის პარალელურად, ბოლო დღეების განმავლობაში, როდესაც საუბნო–საარჩევნო კომისიები საჩივრებს განიხილავდნენ, ოპოზიციისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების განცხადებით, მათ დამკვირვებლებს სხდომაზე დასწრების საშუალება არ ეძლეოდათ.