პარლამენტისთვის საპარლამენტო კონტროლის უფლება არავის წაურთმევია – ხუნდაძე თავის კანონპროექტზე

ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის თქმით, კანონპროექტით, რომლის ინიცირება თავად მოახდინა, პარლამენტის უგულებელყოფა არ ხდება.

მისი განცხადებით, ამ ცვლილებებით პარლამენტს საპარლამენტო კონტროლს არავინ ართმევს.

„პარლამენტის როლის უგულვებელყოფა არ ხდება. პარლამენტში ვართ სწორედ ახლა და ამ საკითხს ვიხილავთ. საგანგებო მდგომარეობას პარლამენტმა დაუჭირა მხარი და ამ რეგულაციებსაც პარლამენტი იხილავს. ეს პარლამენტის დასტურის გარეშე არ მოხდება. სწორედ ამიტომ არის პარლამენტში საკომიტეტო განხილვა და მადლობა მინდა გითხრათ ჩართულობისთვის. რაც შეეხება საპარლამენტო კონტროლს, რა თქმა უნდა, პარლამენტისთვის საპარლამენტო კონტროლის უფლება არავის წაურთმევია“,-განაცხადა ხუნდაძემ.

ის აღნიშნავს, რომ პარლამენტში პრემიერ-მინისტრი ანგარიშს წარადგენს და ყველა კითხვას პასუხს გასცემს.

დღეს პარლამენტის ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საგანგებოს გარეშე შეზღუდვების კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

კანონპროექტის მიხედვით, მთავრობა ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეძლებს.

ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი კანონპროექტს არაკონსტიტუციურად აფასებენ და ავტორიტარიზმისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ.