პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება ისევე, როგორც „ოცნების“ სხვა წევრების, იყო უპასუხისმგებლო – ირმა ნადირაშვილი

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ნადირაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, თალაკვაძე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტის მოლაპარაკებების ფასილიტატორ ელჩებს მოუწოდებს, საჯაროდ დაადასტურონ, რომ ხელისუფლებას არ აუღია პრეზიდენტისთვის, სასამართლოსა და პროკურატურისთვის მიმართვისა და გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას გათავისუფლების ვალდებულება.

როგორც ნადირაშვილი განმარტავს, არჩილ თალაკვაძის ეს განცხადება უპასუხისმგებლო და ცრუა.

„პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება ისევე, როგორც „ქართული ოცნების“ სხვა წევრების, იყო სიცრუე, იყო უპასუხისმგებლო, მან ელჩებს მოუწოდა, გაახმოვანონ მოლაპარაკების დეტალები. დიპლომატიურმა კორპუსმა, რომელიც მონაწილეობდა და ამ მოლაპარაკებებს უძღვებოდა, უკვე გამოხატა თავისი პოზიცია, როცა ოქრუაშვილს მიუსაჯეს. დიპლომატიურმა კორპუსმა, ევროკავშირის ელჩმა, ამერიკის საელჩომ გააკეთეს განცხადება, რომ ეს იყო შეთანხმების დარღვევა. შესაბამისად, მათი პოზიცია ძალიან ნათელია.

ჩვენ „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ ბოლომდე დაიცვას ეს შეთანხმება, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები საკონსტიტუციო ცვლილებების პირველ მოსმენამდე. ეს იქნება სწორი, ეს შეუწყობს ხელს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებას და ეს შეუწყობს ხელს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილმა არჩევნების გზით დატოვოს ხელისუფლება და გადავიდეს ოპოზიციაში. თუ ეს არ იქნება იმ ფარგლებში, რა მოლაპარაკებაც იყო, არ იქნება საკონსტიტუციო ცვლილებების პირველ მოსმენამდე, ეს იქნება ივანიშვილის მხრიდან მორიგი ტყუილი, ადამიანების მორიგი გადაგდება და ამის გამო მათ დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევთ, მაგრამ მაინც წავლენ ხელისუფლებიდან“, – განაცხადა ნადირაშვილმა.

„არჩილ თალაკვაძემ თქვა, ამ მოლაპარაკებებამდე გიგა ბოკერიას კომენტარი იყოო, რომ არ შეიძლება პოლიტპატიმრების საკითხი იყოს საარჩევნო სისტემის მოლაპარაკებაზე დამოკიდებულიო. ჩვენ გვახსოვს რურუას, გიგი უგულავას წერილიც, ისინი თვლიდნენ, რომ მათ ფაქტორს ეს მოლაპარაკებები ჩიხში არ უნდა შეეყვანა. ეს იყო იქამდე, სანამ ელჩების თანდასწრებით პოლიტიკური შეთანხმება შედგებოდა. პოლიტიკური შეთანხმება პოლიტიკური პატიმრების გარეთ გამოსვლას გულისხმობს“, – განაცხადა ნადირაშვილმა.