პარლამენტი კანონში ცვლილებებს იღებს, რომელიც ახალგაზრდებს გამანადგურებელ ზიანს მიაყენებს – თამბაქოს კონტროლის ალიანსი

თამბაქოს კონტროლის ალიანსი „თამბაქოს გარეშე“ მსოფლიო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია წერს, რომ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი განიხილავს თამბაქოს კონტროლის კანონში ცვლილებათა პროექტს, რომლის მიხედვით, გასახვევი თუთუნის გაყიდვა, შესაძლოა 15 გრამიანი შეფუთვითაც დაიშვას.

მათივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტების და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კვლევებით არაერთხელ გახმაურდა მოზარდებში მწეველობის მწვავე პრობლემა, საქართველოს პარლამენტი არაფერს აკეთებს ამ პრობლემის შესამცირებლად.

“პარადოქსია, მაგრამ კანონში ცვლილების ინიციატორებს მოსმენაც კი არ უნდათ იმ პრობლემის შესახებ, რასაც იაფად ხელმისაწვდომი თუთუნი პირველ რიგში მოზარდებს და ახალგაზრდებს შეუქმნის. პარადოქსია ისიც, რომ მსოფლიოს თამბაქოსთან ბრძოლის წლის დევიზია თამბაქოს ინდუსტრიის ზემოქმედებისგან ბავშვების დაცვა, საქართველოს პარლამენტი კი, სწორედ ამ წელს ცდილობს კანონში ისეთი ცვლილების მიღებას, რომელიც გამანადგურებელ დარტყმას პირდაპირ მომავალ თაობას მიაყენებს”,- წერს თამბაქოს კონტროლის ალიანსი.

ალიანსი ხელისუფლებას მოუწოდებს, უარი თქვან გასახვევი თუთუნის 15 გრამიანი შეფუთვის დაშვების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებაზე და ასევე, თამბაქოს ტრანსნაციონალურ კომპანიებს საშუალება არ მისცენ, პოპულარიზაცია გაუწიონ ელ. სიგარეტებს და გახურებადი თამბაქოს ნაწარმს, რაც ყველაზე მეტად პოპულარული და მიმზიდველი სწორედ ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვისაა.

“ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ საიდუმლო აღარ არის ყოველწლიურად 8 მილიონი ადამიანის თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებებით სიკვდილი, ჩვენ დავამატებთ, დიახ, საიდუმლო გაცხადდა, ნუ მოკლავთ ბავშვებს თქვენი ბიზნესისათვის“, – აცხადებენ თამბაქოს კონტროლის ალიანსში.