პარლამენტი, სამინისტრო გამორიცხეთ – ვასილ მაღლაფერიზე ოცნების სიაში შესაძლო ყოფნაზე

ვასილ მაღლაფერიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის თანამდებობის დატოების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. მან განაცხადა, რომ პარლამენტში ან რომელიმე სამინიტროში თანამდებობის დაკავებას არ აპირებს. მისი თქმით, მუშაობას ტელესკოლაში, საგანმანათლებლო პროექტებზე გააგრძელებს.

“ტელევიზიები გამოთქვამდნენ ვარაუდს… რომ აღარ დასვათ შემდეგი შეკითხვები, პარლამენტი, სამინისტრო, ყველანაირი შეთქმულების თეორია, თუ გინდა ბელორუსიაც მიაყოლეთ, გამორიცხეთ. ერთადერთი, რაზეც მუშაობას გავაგრძელებ, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საპატიოა, ტელესკოლაში, რომელიც შევქმენით, მაქვს ორი საგანმანათლებლო პროექტი. ამას გავაკეთებ იანვრამდე, იანვრის მერე შევხედოთ როგორ იქნება საქმე,” – თქვა მაღლაფერიძემ.

დღეს ვასილ მაღლაფერიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა. მისი განმარტებით, გადადგომის მიზეზი ის არის, რომ არ სურს წინასაარჩევნო პერიოდში გაჩნდეს კითხვები არხის მიკერძოებულობასთან დაკავშირებით.

დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად მაღლაფერიძის პირველი მოადგილე, თინათინ ბერძენიშვილი დაინიშნა.

მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოზიციის დასაკავებლად ღია კონკურსი დღესვე გამოცხადდა.