პარლამენტმა დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ჩასწორებული ვერსია ვენეციის კომისიაში გაგზავნა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტისთვის გაგზავნილ წერილში წერს, რომ ”მმართველმა გუნდმა მათი რეკომენდაციები გაითვალისწინა”.

“თქვენო აღმატებულებავ, გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დეოლიგარქიზაციის შესახებ საქართველოს კანონი მეორე მოსმენით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ განიხილა. ასევე, გწერთ, რომ გთხოვოთ ვენეციის კომისიის დაჩქარებული მოსაზრება აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც ამ წერილს თან ერთვის. მოთხოვნილი დასკვნის აქტუალობა დაკავშირებულია ამ კანონის, როგორც ევროკავშირის 12 რეკომენდაციის მნიშვნელოვანი ნაწილის შესრულებასთან, რაც საქართველოს ევროკავშირში კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. დაჩქარებული მოსაზრების საჭიროება, ასევე, გამომდინარეობს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის მჭიდრო განრიგიდან, რომელიც ივნისში დასრულდება. აქედან გამომდინარე, ქალბატონო პრეზიდენტო, ჩემი თხოვნაა, შეიმუშავოთ დაჩქარებული მოსაზრება ზემოაღნიშნული კანონპროექტის თაობაზე. გთხოვთ, თქვენო აღმატებულებავ, მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემა”. – წერს შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს.