პარლამენტმა ე.წ კარვების კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო – საპროტესტო აქცია გრძელდება

76 მომხრე, 20 წინააღმდეგი  – პარლამენტმა “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” კანონპროექტი მეორე მოსმენითაც მიიღო.

კანონპროექტის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს კანონპროექტით ეკრძალებათ, მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, “თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას ან შეკრების  და  მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება”.

კანონპროექტის გასაპროტესტებლად პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან მოქალაქეები 14:00 საათიდან არიან შეკრებილები.

აქციის ორგანიზატორები მოძრაობა ტალღის, ჯიუტის, სტუდენტები ევროპული მომავლისთვის წევრები არიან. ორგანიზატორების თქმით, “რუსულ მთავრობას არ გაატანინებენ მორიგი რუსული კანონის” დამტკიცებას.

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის გივი მიქანაძის მტკიცებით, კანონპროექტი შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლებას არ ზღუდავს.

“ეს არ არის თვითონ შეკრებებისა და მანიფესტაციების შემზღუდავი კანონპროექტი. აქ ორიენტირი  კეთდება იმ დამხმარე საშუალებებზე, რომელიც შეკრებისა და მანიფესტაციების დროს შესაძლოა გამოიყენონ  შეკრებისა და მანიფესტაციის წარმომადგენლებმა“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.